ჯო ბაიდენი გადასახადების უპრეცედენტო ზრდას აპირებს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადასახადების ყველაზე მნიშვნელოვან ზრდას აპირებს, რაც აშშ-ში 1993 წლის შემდეგ ჯერ არ მომხდარა. ამის შესახებ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით Bloomberg იუწყება. ასეთი ზომის შემოღება გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამის დაფინანსებისთვის არის განპირობებული. გადასახადების ზრდა 1.9 ტრლნ დოლარის სახელმწიფო პროგრამის მესამე პაკეტს მოყვება.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენი ნაწილობრივ გააუქმებს 2017 წელს დონალდ ტრამპის მიერ შემოღებულ პრეფერენციებს კორპორაციებისთვის და შეძლებული მოქალაქეებისთვის. ამ და სხვა შესწორებებით, ბაიდენი შეეცდება, საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო პროგრესული გახადოს, რაც 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა გაცხადებული.

კორპორაციებისთვის გადასახადი 21%-დან 28%-მდე გაიზრდება, გაუქმდება შპს-ებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 400 ათას დოლარს აღემატება, საშემოსავლო გადასახადი გაეზრდებათ. ამასთან ერთად, განიხილება მაღალი გადასახადის დაწესება იმ პირთა კაპიტალის მოგებაზე, რომელთა წლიური შემოსავალიც სულ მცირე 1 მლნ დოლარია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ