Microsoft კიბერუსაფრთხოებისთვის მთავრობისგან 150 მლნ დოლარს მიიღებს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ს მთავრობა კომპანია Microsoft-ს კიბერუსაფრთხოებისთვის 150 მლნ დოლარს გამოუყოფს. ეს მთლიანი ფედერალური სახსრების თითქმის მეოთხედია, რადგან თეთრ სახლს კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთვის მთლიანობაში 650 მლნ დოლარი აქვს გამოყოფილი.

კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა Microsoft-ის პროდუქტებზე ორმა მასშტაბურმა ჰაკერულმა შეტევამ განაპირობა, ამიტომ ეს თანხა აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურებში Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის upgrade-ზე ანუ განახლებაზე დაიხარჯება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ს სენატში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. კონგრესმენი რონ ვაიდენი აცხადებს, რომ Microsoft-ისთვის ფულის გადახდას ჯობია, ხელისუფლებამ კომპანიაზე თავის დამოკიდებულებას გადახედოს. კონგრესმენის თქმით, ჰაკერებმა მასშტაბური შეტევის დროს სწორედ Microsoft-ის უსაფრთხოების ხვრელებით ისარგებლეს, რასაც კომპანია ჯიუტად უარყოფდა.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა Microsoft Exchange-ის საფოსტო სერვისი გატეხეს, რის შედეგადაც მათთვის შეიძლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო ინფორმაცია Microsoft-ის 250 ათასი კორპორატიული კლიენტის მიმოწერის შესახებ. კომპანიის IT უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჩინელ ჰაკერებს დააკისრა.

აშშ-ში მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ განცხადებები გასული წლის ბოლოსთვისაც კეთდებოდა. მაშინ კიბერშეტევის სამიზნეს პროვაიდერი SolarWinds წარმოადგენდა, რომელიც კორპორაციებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს ახორციელებს. ვაშინგტონმა კიბერთავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ