2021 წელს აჭარაში 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 140 კმ-ზე მეტი გზის საფარის მოწყობა განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე განხორციელდება 230 საყრდენი კედლის მშენებლობა და 43 დამცავი ნაგებობების და წყალარინების მოწყობა.
„დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი გზების და ხიდების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება.
2021 წელს აჭარაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია 25 მიმართულებით 40 კმ-ზე მეტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, მოხდება 100 კმ გზის ბეტონირება და 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება 230 საყრდენი კედლის მშენებლობა და 43 დამცავი ნაგებობების და წყალარინების მოწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან აქტიური სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება.