მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე წელს, ახალი საპიკნიკე ზონებისა და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას გეგმავს. უწყების ცნობით, მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ზაფხულისთვის რეგიონს ახალი ტურისტული ადგილები შეემატება. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ზემო აჭარაში ევროპული დონის ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იმ მიმდინარე პროექტებს შორისაა, რომელზეც სააგენტო მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

„შედეგად, წელს ველომოყვარულებსა და პროფესიონალ ველომბრბოლელებს რეგიონში ახალი ველობილიკით სარგებლობისა და ულამაზეს ბუნებაში გასეირნების საშუალება მიეცემათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების პოტენციალის კვლევასაც გეგმავს, რაც სამომავლოდ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. უკვე იდენტიფიცირებულ ახალ ტურისტულ მიმართულებებზე კი ბილიკების გაჭრა და ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მთიან აჭარაში სამი ახალი ტურისტული ბილიკის მარკირება, საპიკნიკე ზონებისა და უჩხოს ხეობაში კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. გარდა ამისა, გასულ წელსვე სამთო ველობილიკის, ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ჩირუხის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტის საპროექტო სამუშაოები განახორციელა.