კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმუნიზაციის პროცესისა, საზოგადოებას დიდხანს დასჭირდება სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადე და ხელების ხშირი დაბანა.
„ვაქცინაციაზე გადის სწორედ კოვიდეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა, თუმცა რა თქმა უნდა, ვაქცინასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. ჩვენ რომ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, დაახლოებით უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%, რადგან არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება ჯერ ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. ერთი გამონაკლისია, რომელიც გამოიყენება 16 წლიდან, დანარჩენი არის 18 წლის ზემოთ. აქედან გამომდინარე, იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. ჯერჯერობით არ არის კლინიკური კვლევები ბავშვებში და ორსულებში ამიტომ ამ ორ ჯგუფზე თავს ვიკავებთ აცრებისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესის მიმართ.
„მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით 3,8 მილიონი და მისი 60% არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ წელს ეს რაოდენობა ავცერით, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ სერიოზულად ვიტყვით, რომ ეპიდემიას ქვეყანაში დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათანობით დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ძალიან სოლიდარული და აქტიური ამ პროცესში, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% იქნას აცრილი. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში. ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია“, - განაცხადა გამყრელიძემ.