პაატა შეშელიძე: ლარის გაუფასურებაზე პირადი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ პაატა შეშელიძის აზრით, ლარის გაუფასურებაზე პირადი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

პაატა შეშელიძის განცხადებით, შექმნილი ვითარება არასწორი პოლიტიკის და მცდარი გადაწყვეტილებების შედეგია.

"ლარის კურსი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ლარი არ არის თავისუფალი მთავრობის ჩარევისგან. შესაბამისად, ეს არ არის წმინდა საბაზრო მოვლენა, რომ ჩვენ მისი პროგნოზირება შევძლოთ. ეს არის პიროვნული გადაწყვეტილებების შედეგი, პიროვნულ გადაწყვეტილებებს კი ლოგიკურად ვერ ახსნი. ლარის კურსი ფორმალურად ყალიბდება აუქციონზე, სადაც ვაჭრობს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინტერვენციის მასშტაბებს, ანუ ის იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, გაყიდოს იმდენი დოლარი, რომ არ დაუშვას ვარდნა, თუ არ გაყიდოს. მას შეუძლია დღეს მიიღოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა დოლარზე, გაყიდოს საჭირო რაოდენობის დოლარი და დღევანდელი კურსი შენარჩუნდეს, ან გაყიდოს უფრო მეტი რაოდენობის დოლარი და ლარი გამყარდეს, ან კიდევ პირიქით – არ გაყიდოს და კიდევ უფრო გააღრმავოს დევალვაცია. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. რა ჯობია რომ გაკეთდეს? პირველი, უნდა შეწყდეს ის პოლიტიკა, რომელმაც დევალვაცია გამოიწვია და ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, ჩამოშორდნენ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც თავს ვერ ართმევენ და მეორე – უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება, თუნდაც დღევანდელი კურსით. პოლიტიკის შეცვლა გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მიიღებოდეს მცდარი გადაწყვეტილებები, არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი წამოწყებები, რომელიც ბაზარზე ისედაც შეიძლება რომ გაკეთდეს. ამ ყველაფერში საკვანძოა ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ მხოლოდ ის არ არის პროცესზე პასუხისმგებელი. პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს. რატომ არ მოგვისმენია მისი არც ერთი კომენტარი, მაშინ როცა ფულს ვუხდით, რომ იმუშაოს? აბა ვის უნდა ვკითხოთ? თუ არ აკეთებენ კომენტარს ე.ი რაღაც იციან და გვიმალავენ, ამაში ფული კი არ უნდა გადავუხადოთ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც დღეს ამ საქმეშია - ეროვნულ ბანკს, მთავრობას და პარლამენტსაც, რადგან შექმნილ ვითარებაში ის უნდა იბარებდეს ამ ხალხს და პასუხს სთხოვდეს. ეს არის შეთქმულება ეკონომიკის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ლარში იღებენ ხელფასს, აქვთ რაღაც გეგმები და დღეს ჯიბიდან აცლიან მის მსყიდველობის უნარს. ამაში დამნაშავე თავად არიან", - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ექსპერტის განმარტებით, ბოლო წლის განმავლობაში მთავრობამ ბევრი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო. "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჭარბი ლარის მიმოქცევაში გაშვება. მეორე - ბიუჯეტით შარშან დაიგეგმა ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც, ჩემი აზრით, არასწორი იყო, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ განათლების სექტორების მიმართულებით. ასევე, შემოვიდა ახალი რეგულაციები და შეიზღუდა კერძო სექტორის მოქმედების ასპარეზი. პრაქტიკულად შეჩერებული იყო პრივატიზება, იყო დიდი მცდელობა, რომ შეეზღუდათ უცხოური ინვესტიცია უცხოელებზე მიწების საკუთრებაში გადაცემის შეზღუდვის გზით, ასევე უცხოელების თავისუფალი ჩამოსვლის შეზღუდვის გზით. გარდა ამისა, აღებული იყო ძალიან ბევრი სესხი, რომლის რაციონალურობა, ჩემი აზრით, არ არის დასაბუთებული. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები და ბიუროკრატიის მონაწილეობა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში - იგივე აგრარულ სესხებსა და ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ თემას შეეხებოდა, პრაქტიკულად საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა ბიუროკრატია და არა ბაზარი. ამას დავუმატოთ აქციზების გაზრდა. ჯამში ეს ყველაფერი ქმნის ძალიან ნეგატიურ ფონს და იწვევს იმას, რაც გვაქვს წელს - წლის ბოლოს მთავრობა ვერ ისტუმრებს ვალდებულებებს და იძულებულია ეროვნულ ბანკს დაავალოს უფრო მეტი ფული გაუშვას მიმოქცევაში, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ეს არის შარშანდელი და წლევანდელი სიტუაციის მსგავსება", - განმარტა ექსპერტმა.