„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შევქმნათ ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა, რათა საჭირო აღარ იყოს ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა"

„ევროპელ მეგობრებთან დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეხმარონ საქართველოში ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვასა და თანადაფინანსებაში, რომ ჩვენს მცირე ბიზნესს აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების საზღვარგარეთ გასაგზავნად", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად სხვადასხვა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისა და შესაბამისობის კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში რეგულაციების დანერგვაში.

„ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვა საქართველოში, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ზრდის და აძლევს საშუალებას, ივაჭრონ ევროკავშირთან, მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში, ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს და სამწუხაროდ, ჩვენი ლაბორატორიების სისტემა ჯერ არ არის განვითარებული და მცირე ბიზნესს უწევს ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ. ეს არის ის საკითხი, რომელშიც შეიძლება თანადაფინანსების სახით დაგვეხმარონ ჩვენი ევროპელი მეგობრები და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.