სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში საუბარია უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზებზე, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებებზე და სხვა პრობლემებზე, რომელიც 2018-2019 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
,,მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა პროცესები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი არ იყო სათანადოდ დადასტურებული. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, განახორციელა სამი შესყიდვა. აღნიშნული ვითარება არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, რადგან შესაძლებელი იყო მათი წინასწარი დაგეგმვა და ტენდერის გამოცხადება.
ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, არაგონივრულად მაღალი გამოცდილების მოთხოვნის გამო, რიგ შემთხვევაში ტენდერები არ შედგა. აღნიშნულის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით, ხელშეკრულებები გაფორმდა ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებსაც არ გააჩნდათ მსგავსი მოცულობის და სპეციფიკის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 31% და 17% დააკლდა.
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებებიც გამოვლინდა - შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუსწავლია ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები.