რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი ხედი ბინის შეძენისას

ხედი ქალაქზე, ზღვაზე, გამწვანებულ ბაღზე, ან თუნდაც უბრალოდ გაშლილი სივრცე ფანჯრიდან - ერთ-ერთია იმ მთავარი მოთხოვნებიდან, რომელიც გვსურს, რომ დავიკმაყოფილოთ ბინის შეძენის დროს.

კარგი ხედი რომ ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, ამას ცხოვრებისეული გამოცდილების გარდა, 1972-1981 წლებში, პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. კვლევისთვის, პაციენტები განათავსეს ორ მსგავს პალატაში, განსხვავებული ხედებით. იმ პალატაში მყოფი პაციენტები, რომლის ფანჯრიდან ხედი ბუნებაზე იშლებოდა, გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე პაციენტები, რომელთა პალატის ფანჯრიდან მხოლოდ აგურის კედელი მოჩანდა.

სასიამოვნოა, როდესაც ვუყურებთ იმას, რაც ჩვენთვის საინტერესოა და რაზე დაკვირვებაც დიდ ყურადღებას არ საჭიროებს, ამ დროს ხელს ვუწყობთ ჩვენი მენტალური ენერგიის აღდგენას და განწყობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, გაშლილ ხედებზე მზერა წარმოშობს სიმშვიდის შეგრძნებას, რაც ადამიანის გონებრივ ევოლუციას უკავშირდება. კერძოდ, უძველეს ადამიანს, მხოლოდ მაშინ შეეძლო დაესვენა მშვიდად, როდესაც საშუალება მიეცემოდა, რომ უსაფრთხო ადგილიდან დაეთვალიერებინა მის გარშემო არსებული გარემო და გაეკონტროლებინა, შესაძლო საფრთხე მხეცებისგან. სწორედ სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც სივრცეში ცქერა ქვეცნობიერად გვანიჭებს, წარმოადგენს კარგი ხედის მქონე საცხოვრებელი ბინის სიძვირის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. იმ სწრაფი ცვლილებების ფონზე, რითიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ჩვენი დღევანდელი რეალობა გასათვალისწინებელია, რომ არსებული ხედი შესაძლოა, ძალიან მალე შეიცვალოს.

ამიტომ, არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს, კერძოდ:

  • უნდა დავაზუსტოთ არსებული ხედის პერსპექტივა მომავალში;
  • გავარკვიოთ, გაყიდულია თუ არა ტერიტორია კორპუსის ირგლივ;
  • მოვიძიოთ ინფორმაცია ტერიტორიის მფლობელზე (უძრავი ქონების რეესტრით - MY.GOV.GE)

ავტორი: ლაშა ცაგარეიშვილი