ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება, თუ საიდან უფრო იაფია საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტი და რატომ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუ რომელ ქვეყანაში რა ფასად ყიდულობს დენს საქართველო.
საკითხის გამჭვირვალობისთვის, არასამთავრობო სექტორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მიერ ინფორმაციის სრულად, ჩაშლილი ტარიფებით გამოქვეყნებას ითხოვს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს აღნიშნულ მოთხოვნაზე ესკოს, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაცია, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას (კომერციულ საიდუმლოებას), რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი საწარმოების კონკურენტუნარიანობას.
„სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი არ არის ვალდებული, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის თანახმად გამოაქვეყნოს და გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. რაც შეეხება იმპორტის ხელშეკრულებების პირობებს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, გაამჟღავნოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიჩნეულია ღია ინფორმაციად.
მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას (კომერციულ საიდუმლოებას), რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი საწარმოების კონკურენტუნარიანობას. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ შეუძლია.
ელექტროენერგიის იმპორტის სახელშეკრულებო პირობების გამჟღავნება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ესკოს მხრიდან წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, რის გამოც, შესაბამის შეკითხვებზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პასუხის უფლება არ აქვს,“- აღნიშნულია ესკოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ წერილობით გამოგზავნილ განცხადებაში.