„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სრულადაა აღდგენილი.

„00:04 საათზე, ახალციხის ქვესადგურში ავარიული გამორთვის გამო, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა და ენერგომომარაგება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობას, თბილისს, ზუგდიდს, ზესტაფონს, მარნეულს, კახეთის და აჭარის რეგიონს. იმ დროისთვის საქართველოს მოხმარება იყო 1800 მეგავატი, აქედან 60% იმპორტზე მოდიოდა. ესაა იმპორტის უპრეცედენტო მოცულობები. იმპორტი სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხორციელდებოდა. ასეთ სიტუაციაში პატარა ავარიაც კი იწვევს მომხმარებლის ავტომატურ რეჟიმში გათიშვას. ამ დროისთვის ენერგომომარაგება სრულადაა აღდგენილი და იმედი გვაქვს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება",- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში წუხელ ელექტროენერგია გაითიშა.

როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში " განმარტეს, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და შედეგად, ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.