მსოფლიოში ყურსასმენებისა და „ჭვიანი საათების“ გაყიდვები 28,4%-ით გაიზარდა

2020 წელს მსოფლიოში ე.წ. ტარებადი მოწყობილობების გაყიდვები 28,4%-ით გაიზარდა და 444,7 მლნ ერთეული შეადგინა. ამის შესახებ კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC) ანგარიშშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი ახალი მოწყობილობები და დაბალი ფასები იყო. მაგალითად, ყურსასმენებს მსოფლიო ბაზარზე 64,2%-იანი წილით ძირითადი ადგილი ეკავა, შემდეგი კი 24,1%-იანი წილით ე.წ. ჭკვიანი საათები იყო.

IDC-ის სტატისტიკის მიხედვით, ამერიკული Apple ტარებადი ელექტრონული მოწყობილობების („ჭკვიანი საათები“ და ყურსასმენები) მსოფლიო ბაზარზე ლიდერად რჩება. კომპანიამ 2020 წელს 151,4 მლნ ერთეული ტარებადი ელექტრონული მოწყობილობა გაყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,9%-ით მეტია. ამასთან, ბაზარზე კომპანიის წილი არ შეცვლილა და 34,1% შეადგინა.

Apple-ს ჩინური კომპანია Xiaomi მოსდევს. 2020 წელს კომპანიის გაყიდვების რაოდენობა 21,7%-ით გაიზარდა. Xiaomi-მა 50,7 მლნ ცალი მოწყობილობა გაყიდა და ბაზარზე მისმა წილმა 11,4% შეადგინა.

შემდეგია ასევე ჩინური კომპანია Huawei. გასულ წელს კომპანიის გაყიდვების დონე 50,7%-ით გაიზარდა. 2020 წელს კომპანიამ 43,5 მლნ ცალი ტარებადი ელექტრონული მოწყობილობა გაყიდა და მსოფლიო ბაზრის 9,8%-იანი წილი დაიკავა.

მეოთხე ადგილზეა სამხრეთკორეული ფირმა Samsung. 2020 წელს კომპანიამ 40 მლნ ერთეული მოწყობილობა გაყიდა, რაც ზრდის 27,3%-იანი მაჩვენებელია. მსოფლიო ბაზარზე Samsung-ის წილმა 9,0 % შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ