ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სებ-ის გადაწყვეტილებას, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ფაქტობრივად გაჩერებული ეკონომიკის, დაგვიანებული ვაქცინაციის, ღრმა პოლიტიკური კრიზისის, ინვესტიციების განახევრების, ლარის კატასტროფული გაუფასურების და ინფლაციური მოლოდინების ზრდის ფონზე, იმისთვის რომ ცოტათი მაინც შეაჩეროს ფასების შემდგომი ზრდა, ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე.
რას გამოიწვევს ეს? ლარში სესხებზე პროცენტის ზრდას, უკვე არსებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების გაძვირებას, სესხებზე მოთხოვნის შემცირებას და შემცირებული "ხარჯვით" ფასების ზრდის შებოჭვას.
ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზს რაც მალე გადახედავს მთავრობა, მით უკეთესი. ყველა ვხვდებით, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, სამწუხაროდ 4%-ითაც ვერ გაიზრდება. ესეც 2020-თან შედარებით, თორემ 2019-ის დონეზე ჩვენი მშპ 2022 წელს თუ დაბრუნდა, ეგეც საქმეა,“-წერს კეპულაძე.