როგორ მოვიგოთ მარკეტინგული ომები?

მარკეტერები ყოველდღე ვცდილობთ მოვიპოვოთ ადამიანების ყურადღება კრეატიულობის, სწორად პოზიციონირებისა თუ დიდი ფინანსური ინვესტიციის გზით. რეალურად, კომპანიის წარმატება დიდწილად ჩვენს მარკეტინგულ ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

მარკეტინგული კამპანიების სიმრავლე და მზარდი კონკურენცია უპირატესობის დაკარგვის მუდმივ საფრთხეს გვიჩენს. ამიტომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პოტენციური აუდიტორიის სურვილების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების წინასწარ განსაზღვრა და დაკმაყოფილება. იმისათვის, რომ არსებული ტრენდების ჩარჩოებს გავცდეთ და მომხმარებლების სურვილები წინასწარ გამოვიცნოთ, მუდმივად გვჭირდება ინსპირაციის წყარო.

სწორედ ამიტომ, შეგირჩიეთ 7 წიგნი, რომელიც ყველა მარკეტერს გამოადგება გახდეს უკეთესი, დაგეგმოს უფრო კრეატული კამპანია და შეძლოს მისი უკეთ მართვა.

1. „კარგიდან საუკეთესომდე“ - ჯიმ კოლინზი

„კარგი საუკეთესოს მტერია - სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ასე ცოტა რამ გვაქვს საუკეთესო.“ ალბათ ბევრჯერ შეგიფასებიათ რამე, როგორც „კარგი“, თუმცა გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ, რომ რაღაც „საუკეთესოა“? მართლაც, საინტერესოა, როგორ მოახერხა ზოგიერთმა კომპანიამ საუკეთესოდ ქცევა, მაშინ როდესაც სხვებმა მარცხი განიცადეს? ამ კითხვებზე პასუხები არც ისე ბუნდოვანია და მათ მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკად აღირებულ ჯიმ კოლინზის წიგნში შეხვდებით. აღმოჩენები წიგნიდან „კარგიდან საუკეთესომდე” ბევრ მკითხველს გააოცებს და ნათელს მოჰფენს მენეჯმენტის სტრატეგიისა და ტაქტიკის თითქმის ყველა სფეროს.

wigni1-1615978852.jpg

2. „ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება“ - მარშალ გოლდსმითი, მარკ რაიტერი

თუ მზად ხარ ახალი, ამბიციური მიზნები დაისახო, მზად უნდა იყო ამ მიზნების შესაბამისად საკუთარი თავიც გარდაქმნა, ვინაიდან უნარები და ჩვევები, რომლებმაც შენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი. ეს წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელშიც გოლდსმითი წარმატების თანმდევ ფუნდამენტურ პრობლემებს განიხილავს და გვთავაზობს ინტერპერსონალური განვითარების შვიდსაფეხურიან მეთოდს, რომელიც დაეხმარება ლიდერებს გზა გაიკვლიონ კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ.

wigni2-1615978916.jpg

3. „მარკეტინგი“ - ბრაიან თრეისი

წიგნი შესანიშნავია მარკეტინგის ანბანის გასაგებად! ბრაიან თრეისის ეს პატარა წიგნი სავსეა პრაქტიკული სტრატეგიებით, რომლებიც გიჩვენებთ, თუ როგორ დაიპყროთ ბაზარი. ყველანაირი მარკეტინგული იდეა და სტრატეგია, რომელიც შემდგომ კომპანიასა და მომხმარებლის ურთიერთობაზე მოქმედებს, ამ წიგნში იყრის თავს. წიგნი მოიცავს 21 მძლავრ მარკეტინგულ იდეას, რომელთა გამოყენებაც ახლავე შეგიძლიათ. ასევე განხილულია მარკეტინგის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პოზიციონირების სტრატეგია, სტრატეგიის ოთხი პრინციპი, დივერსიისა და გადარწმუნების მარკეტინგული ტაქტიკა და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ამ სფეროსთანაა დაკავშირებული.

wigni3-1615978968.jpg

4. „ეს არის მარკეტინგი“ - სეთ გოდინი

რაღაც მნიშვნელოვანი შესთავაზო ადამიანებს - ის, რაც აინტერესებთ და რაშიც მზად არიან, ფულიც გადაიხადონ, მერე კი ამაზე სხვებსაც ელაპარაკონ - ეს არის მარკეტინგი! იმისათვის, რომ საქმის უკეთ კეთებით უკეთესი საქმეების კეთების საშუალება გქონდეთ, საჭიროა ადამიანებს გაუგოთ, მათი სურვილები სიზუსტით განჭვრიტოთ და მაქსიმალურად მიიზიდოთ. თუ ამას მოახერხებთ და მომხმარებლის ბედნიერებას მიაღწევთ, არ დაგავიწყდეთ - „ბედნიერება მაშინ არის ნამდვილი, როცა მას სხვას უზიარებ", ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ისინი სიხარულით მოსდებენ შენს შესახებ ამბავს მთელს ქვეყანას, ეს კი, ცალსახად წარმატების წინაპირობაა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ჩვენგანი მარკეტერია და თითოეულ ჩვენგანს იმაზე მეტი ცვლილების მოხდენა შეუძლია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. ჩვენ ისეთი მარკეტინგის წარმართვის შესაძლებლობა გვაქვს, რომლითაც ვიამაყებთ“ - ამბობს სეთ გოდინი და ამას წიგნშიც ნათლად წამოაჩენს. მარკეტინგი მისი აზრით, ახალი შესაძლებლობაა იმისთვის რომ გააუმჯობეს, გაამარტივოს ადამიანის ცხოვრება და დაეხმაროს მას. დღითიდღე მარკეტინგის ძალა და მნიშვნელობა იზრდება და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში.

wigni4-1615979021.jpg

5. „იისფერი ძროხა“ - სეთ გოდინი

გზაზე რომ იისფერი ძროხა დაგენახათ, ხომ ნამდვილად მიიპყრობდა თქვენს ყურადღებას? ჩათვალეთ რომ ახლა ის თქვენთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს! უამრავი პროდუქტითა და სერვისით გადატვირთული თანამედროვე ბაზრის კონკურენციის პირობებში, თქვენ იმგვარი მარკეტინგული სტრატეგია უნდა შექმნათ, რომელიც ყველა სხვა კონკურენტისგან განსხვავებული იქნება, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობს და ბაზრის ლიდერობას მოახერხებს. ეს წიგნი ნამდვილი მანიფესტია მარკეტერებისთვის და მათთვის, ვისაც ჭეშმარიტად სურს, საკუთარი ბიზნესი წარმატებული გახადოს!

wigni5-1615979073.jpg

6. „მარკეტინგული ომები“ - ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი

როგორც ყველა ომს, მარკეტინგულ ომსაც სწორი სტრატეგია და დაგეგმვა სჭირდება. წარმოგიდგენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პერსპექტივებს გაგვაცნობს. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გზებსა და წარმატებულ მაგალითებს სთავაზობს. წიგნში გაეცნობით უკანასკნელი სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებურ, ღრმა ანალიზსა და რჩევებს Volkswagen-ის, Sony-ს, Coca-Cola-ს, Budweiser-ის, IBM-ის, McDonald’s-ისა თუ სხვა კომპანიების ისტორიებზე დაყრდნობით. კონკრეტული მაგალითები, უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახებს იმ შეცდომებს, რომლებიც არ უნდა დავუშვათ და იმ წარმატებულ სტრატეგიებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

wigni6-1615979161.jpg

7. „მარკეტინგი მარტივად“ - ალექსანდრ ჰაიამი

წიგნი, იმისთვის რომ გახდეთ მარკეტინგის გურუ! არ აქვს მნიშვნელობა ახალი პროდუქტის წარდგენა გვაქვს გეგმაში თუ უკვე არსებულის გამოცოცხლება, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები, დავარწმუნოთ, რომ პროდუქტი სწორედ ჩვენთან შეიძინონ და თავადაც დავრწმუნდეთ, რომ ისინი კვლავ მობრუნდებიან! წიგნში დეტალურად არის განხილული სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შედგენის, სოციალური მედიის ეფექტიანად გამოყენების, მიმზიდველი ვებ-მარკეტინგის პროგრამის ამუშავების, ახალი მომხმარებლის მოპოვებისა და უკვე არსებულის შენარჩუნების გზები. ამ პრაქტიკულ სახელმძღვანელს ყველაფერი შეუძლია მოგვცეს იმისთვის, რაც საჭიროა მარკეტინგული უნარების განსავითარებლად.

wignibolo-1615979197.jpg

თუ მუდმივად სიახლეების ძიებაში ხართ, ეს თავისთავად მოქმედებს კომპანიასა და მომხმარებლის ურთიერთობებზე, ასე რომ აღნიშნული წიგნები საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალთათვის, ასევე მარკეტინგის შემსწავლელი მომავალი თაობებისთვისაც!

ხოლო თუ უკვე წაკითხული გაქვს ჩამოთვლილი წიგნებიდან რომელიმე, გააზიარე სტატია და მოგვიყევი შენს ყველაზე წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიაზე, რომლის განხოციელებაშიც წაკითხული წიგნი დაგეხმარა ან ყველაზე დიდ გაკვეთილზე, რომელიც შენი საქმიანობიდან ისწავლე.

ავტორი: ნაია აბაშიძე