„ეს ცვლილება თბილისის გენგეგმას სანაგვეში აგდებს - ამნისტია ახალისებს ძალიან მძიმე სამშენებლო დარღვევებს“

„ეს ამნისტია ახალისებს ძალიან მძიმე სამშენებლო დარღვევებს“, - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხა.

საუბარია, თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. ცვლილების მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. ამასთან, თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები.

როგორც უჩა ზაქაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ფაქტობრივად, სანაგვეში აგდებს თბილისი გენგეგმას და წითელ ხაზს უსვამს ყველა იმ მიღწევას, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორში განხორციელდა.

„თუ ამნისტია იქნებოდა მხოლოდ ჯარიმების პატიება ფინანსური და დარღვევების გამოსწორების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვერ გავაკრიტიკებდით, მაგრამ ეს ამნისტია ფაქტობრივად, ახალისებს ძალიან მძიმე სამშენებლო დარღვევებს. მაგალითად, k2, ეს არის საგამონაკლისო რეგულაცია, რომელსაც სახელმწიფო ყიდის განსაკუთრებულ შემთხვევაში დეველოპერებზე, რომლებმც k2-ს სანაცვლოდ უნდა გააკეთონ ბევრი საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე. ეს არ არის უბრალოდ ფასიანი, რომ ფული გადავიხადე და მორჩა. k2 რომ მივიღო (თუ მეკუთვნის 5-სართულიანის მშენებელობა და მინდა, 14 ავაშენო), ამისთვის არა მხოლოდ ფულს ვუხდი სახელმწიფოს, არამედ საზოგადოებრივ ღინისძიებებს ვახორციელებ. შეიძლება გავამწვანო, პარკი მოვაწყო, სოციალურად დაუცველებს დავეხმარო და ა.შ. ანუ, მე თუ მსგავს საქმეებს არ გავაკეთებ, k2-ს ვერ ვიღებ. ეს მათივე დაწერილი კანონებია, იმ ადამინების, ვინც დღეს წარმოადგენენ ქალაქ თბილისის მერიას. იმიტომ, რომ ეს კანონები 2016 და 2019 წლის მერე არის ამოქმედებული და გამკაცრებული.

ექსპლუატაციაში მიღებით მერია ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას ამ ნაწილზე, ექსპლუატაციაში მიუღებლობა ობიექტს ტოვებს მშენებელობის დამკვეთის პასუხისმგებლობის მხარეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა გადადის კონკრეტულ ექსპერტებზე. ვფიქრობ, რომ ამ ამნისტიით, რომელიც მართლაც უპრეცენდენტოა თავისი სიღრმეებით (იმდენად მძიმე დარღვევების პატიება ხდება), მერიას უბრალოდ არ უნდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, კონკრეტულად რა ეპატიება დეველოპერებს ამნისტიის ფარგლებში და რა შედეგის მომტანი იქნება.

„მოდი განვმარტოთ, k3 არის გამწვანება, რითაც ბოლო წლების განმავლობაში მერია სწორად იწონებდა თავს, როდესაც ამბობდა, რომ იყო პირველი, ვინც რეალურად მოსთხოვა დევლოპერებს k3-ის არა მხოლოდ ქაღალდზე დატანა, არამედ გარკვეული რაოდენობის ხეების დარგვა. ეს მართლა მათი მიღწევა იყო, მანამდე მხოლოდ ქაღალდზე ხდებოდა ობიექტის ხეების გამწვანება. მერე არავინ ამოწმებდა, ეს ხეები მართლა დაირგო თუ არა. დღეის მდგომარეობით, გამოდიან და ეუბნებიან, რომ გპატიობთ, გამწვანებული სადაც უნდა გქონოდა, შეგიძლია შენობა ააშენო ზედ, იმიტომ, რომ k1 მაგას გულსიხმობს, მიწაზე შენობის შემხებლობას. ანუ, იქ სადაც ხეები უნდა დაგერგო, შეგიძლია შენობა გედგას, პრობლემა არ არის; შეგიძლია, შენობის სართულიანობა რაც უნდა გქონოდა, გაზარდო... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვიხსენებ თბილსის გენგემის მიღების პროცესს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე საქებარი მხარე იყო ის, რომ შეეცადა რაღაც საკითხები დაერეგულირებინა. თბილისი მწვანე ქალაქი, შეკავშირებული ქალაქი და ა.შ. თუმცა, ამ ამნისტიით ის, რაც 1 წლის წინ გავაკეთეთ, გადავუსვით წითელი ხაზი. ეს ცვლილება თბილისის გენგეგმას სანაგვეში აგდებს, პირდაპირი მნიშვნელობით. თბილისის გენგეგმა აქ უბრალოდ ხდება ქაღალდების გროვა“,- განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

ნინი ქეთელაური