Le Figaro - საფრანგეთში სამთო-სათხილამურო აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანიებმა და მაღაზიებმა მილიარდი ევრო იზარალეს

საფრანგეთის სამთო-სათხილამურო აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანიებმა და მაღაზიებმა 1 მილიარდ ევრომდე იზარალეს. ამის შესახებ Le Figaro ამ ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. პროფკაშირის წარმომადგენელი ვირჟილ კაიე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია და მომავალში კიდევ უფრო გაუარესებას მოელიან. თხილამურების, სნოუბორდების, ეკიპირებისა და სხვა სამთო-სპორტული აღჭურვილობის მაღაზიების ბრუნვამ მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე არაპანდემიურ წლებთან შედარებით 73%-ით იკლო.

პროფკავშირი აუცილებელ პირობად მიიჩნევს მთავრობის მხრიდან ამ სექტორის ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან მაღაზიები და მწარმოებლები ძირითად მოგებას მხოლოდ ზამთრის სეზონზე ნახულობენ.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო მსოფლიოს სამთო-სათხილამურო კურორტების უმრავლესობამ დამსვენებლების სრულყოფილად მიღება ვერ შეძლო. საფრანგეთში მხოლოდ საბაგირო-ოპერატორებმა სეზონზე დაახლოებით 1 მლრდ ევრო დაკარგეს და დღეს ისინი მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მოითხოვენ. მაგალითად, მხოლოდ ზედა პირენეებზე სამთო-სათხილამურო კურორტების დახურვამ ეკონომიკა 200 მლნ ევროთი აზარალა.

საფრანგეთში ამ კურორტების ჯერ 7 იანვრიდან, შემდეგ კი თებერვალში გახსნა იგეგმებოდა, მაგრამ ეპიდემიის გაუარესების გამო მთავრობამ სეზონის გახსნაზე საბოლოოდ უარი თქვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ