„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში ქაოტური მოპოვების აღკვეთის მიზნით ახალი რეგულაციები შეიმუშავა. კერძოდ, კოოპერატორებს, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში მისი ლიცენზიის ქვეშ ოპერირებენ, სარეკულტივაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიების ახალი კონტურები განუსაზღვრა.
რას ითვალისწინებს კონკრეტულად „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი რეგულაცია, რა ვადებში და ჩარჩოებში მოექცა კოოპერატორების ვალდებულებები, რა მოხდება სამუშაოების სათანადოდ არ ან ვერ შესრულების შემთხვევაში, როგორი იქნება კომპანიის მიერ დაწესებული სანქციები და ზოგადად უახლოეს მომავალში რა ფართობის რეკულტივაცია იგეგმება ჭიათურის მუნიციპალიტეტში - ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორს ირაკლი ნოზაძეს ვესაუბრეთ:
როგორც ცნობილია, „ჯორჯიან მანგანეზმა“, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომუშავე კოოპერატორებს, ახალი რეგულაციები დაუწესა... რომ მოგვიყვეთ, კონკრეტულად რა ვალდებულებები დაეკისრათ კოოპერატორებს და რა სამუშაოები უნდა განახორციელონ დამუშავებულ კარიერებზე?
2020 წლის ოქტომბერში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოოპერატორების მიერ დაზიანებული სრული ტერიტორია აღვწერეთ. ეს იყო ძალიან შრომატევადი და საჭირო სამუშაოები, რამაც ჭიათურაში არსებული სურათი ნათლად დაგვანახა. მოგვეცა შესაძლებლობა, თანმიმდევრულად და ეფექტიანად დაგვეგეგმა მუშაობა... კონტურების განსაზღვრა და ყველა ის მიმართულება, რაზეც ვსაუბრობ, ცხადია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მადნის მოპოვების პროცესში გარემოსდაცვითი ნორმების დაცვას ემსახურება.
იცით, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ კომპანიაში სპეცმმართველის დანიშვის შემდეგ გარემოს დაცვის კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის რეკულტივაციების მიმართულებით, თუმცა, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი. აუცილებელია საკითხისადმი კომპლექსურად მიდგომა და შედეგი მხოლოდ ასე დადგება. დღეს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა 70-მდე კოოპერატორი მუშაობს და მნიშვნელოვანია, მათი მხრიდანაც სწორად წარიმართოს სამუშაო პროცესი.
ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია მადნის მოპოვების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს, კერძო ბიზნესი დაეხმაროს ქვეყნის, რეგიონის ეკონომიკას და მეორეს მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი უნდა მივაყენოთ გარემოს. ალბათ გახსოვთ, მადნის ამოღების შემდეგ გაუდაბურებული, მიწასთან გასწორებული, მიტოვებული ასობით ჰექტარი ტერიტორია, რომელიც უყურადღებოდ იყო მიტოვებული... ეს უკვე წარსულში რჩება.
რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციას, გასულ წლებში, ჭიათურის ტერიტორიებზე რეკულტივაცია თითო კონტურის მიხედვით ხორციელდებოდა, ახლა კი ისინი ე.წ. ბლოკებად დავყავით. ბლოკში შესაძლოა გაწევრიანებული იყოს, როგორც ერთი კონტური, ისე ერთდროულად რამდენიმე კონტური. მიუხედავად იმისა, კონტური ერთია თუ ათი, ეს არის ერთიანად, კარიერული წესით დამუშავებული სივრცე.
საერთო ჯამში, აღწერის შედეგად, რამდენი კონტური მიიღეთ?
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მივიღეთ 188 ბლოკი, საერთო ფართით 398 ჰექტარი ტერიტორია. ეს მიწა არის კარიერული წესით დამუშავებული ტერიტორია, რომელიც აუცილებლად უნდა დარეკულტივირდეს.
როგორია გეგმა, რა ვადებში უნდა დაასრულონ კოოპერატორებმა სარეკულტივაციო სამუშაოები?
თითოეულ ბლოკში არსებულ კოოპერატორს განვუმარტეთ, რომ ე.წ. ბლოკი არის მათი საერთო პასუხისმგებლობა და ერთიანი ძალებით უნდა დაარეკულტივირონ. თითოეულ ბლოკზე შევადგინეთ ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკი და განვსაზღვრეთ როდის უნდა დასრულდეს ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოები და როდის უნდა დაიწყოს რეკულტივაცია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ბლოკს თავისი ინდივიდუალური ვადა აქვს. კერძოდ, ბლოკების დაახლოებით 60% მიმდინარე წლის ბოლომდე დარეკულტივირდება, დანარჩენილი ნაწილი კი ორ წლამდე ვადაში. პროცესში, ჯამში ჩართულია ყველა კოოპერატორი.
რატომ გახდა საჭირო ახალი რეგულაციების შემოღება, როგორც ცნობილია, კოოპერატორები აქამდეც ასრულებდნენ ნიადაგის სარეკულტივაციო სამუშაოებს..
დიახ, კოოპერატორების მიერ აქამდეც ხდებოდა ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია, არსებობდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითოეულ მათგანს უნდა დაემუშავებინა თავისი კონტურის ტერიტორია და შემდეგ დაერეკულტივირებინა. თითოეულ ტერიტორიაზე ცალკე ნებართვა გაიცემოდა. ყველა კოოპერატორს ნაწილ-ნაწილ ჰქონდა ტერიტორიები რეკულტივირებული და ისინი მხოლოდ კონტურს შიგნით არსებულ ფართს არეკულტივირებდნენ. შესაბამისად, ეს გვაძლევდა არასრულ სურათს, საერთო ჯამში, როდესაც ერთ კონკრეტულ ტერიტორიას შეხედავდი, სრულად რეკულტივირებული, ანუ ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო. დრომ გვაჩვენა, რომ ამ პრაქტიკამ არ გაამართლა, სწორედ ამიტომ გახდა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ახალი, გაუმჯობესებული და შედეგზე ორიენტირებული რეგულაციების შემუშავება საჭირო.
რა ბერკეტები აქვს კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატორებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს?
არსებობს მთავრობის 424-ე დადგენილება, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“, რომელიც გვავალდებულებს, რომ სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ტერიტორია და ამ შემთხვევაში, ღია წესით მადნის მოპოვების გამო დაზიანებული მიწები, უნდა იქნეს რეკულტივირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქმიანობის სუბიექტი, რომელიც ნიადაგის რეკულტივაციას აწარმოებს და პროექტით განსაზღვრული პირობების სამუშაოებს არ გაითვალისწინებს, არ შეასრულებს ხარისხიანად, არ დაიცავს გარემოსდაცვითი თუ სხვა სტანდარტების მოთხოვნებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რაც შეეხება ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს კოოპერატორებისადმი, თუ კოოპერატორმა ვალდებულება დაარღვია, „ჯორჯიან მანგანეზი“ თავად განახორციელებს რეკულტივაციას, კოოპერატორს კი შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრება.
რაც შეეხება თავად „ჯორჯიან მანგანეზს“, კოოპერატორების გარეშე, რა მოცულობის ტექნიკური სამუშაოები აქვს ჩატარებული კომპანიას?
„ჯორჯიან მანგანეზს“ ბოლო წლებში ასობით ჰექტარის ტერიტორია უკვე აქვს რეკულტივირებული. კომპანიის სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს სახელმწიფოს წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ წელიწადში 50 ჰექტარის რეკულტივაცია განახორციელოს, თუმცა დღეს გაცილებით მეტი ტერიტორიაა დამუშავებული და პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
ვფიქრობ, ეკოლოგიური პრობლემები, რაც ჭიათურაში არსებობს, მალე დაძლევადი იქნება. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღე ხედავს იმ შედეგებს, რაც თუნდაც რეკულტივაციების მიმართულებით განვახორციელეთ.
თუმცა, სამწუხაროდ არიან ის ჯგუფიც, ვისაც პოზიტიური პროცესების დანახვა არ უნდათ, ქმნიან არასწორ შეხედულებებს, საზოგადოებაში ამკვიდრებენ აზრს, თითქოს ყველაფერი იმაზე უარესად არის, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო... „ჯორჯიან მანგანეზი“ არასდროს ყოფილა ისეთი ღია, როგორიც ახლა არის. ჭიათურაში დღესაც მრავლად არის ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა, კომპანიამ ბევრი მათგანი მოაგვარა ან პროცესშია... ვინც ჩვენი უსაფუძვლო კრიტიკით არის დაკავებული, უბრალოდ ვეტყოდი, ჩადით, ნახეთ და შეადარეთ, რა იყო ადრე და რა ხდება ახლა.
მახარებს ისიც, რომ ჩვენს მიერ გადაგმულ სასიკეთო ნაბიჯებს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხედავს და მათ მადლიერებასაც ხშირად ვგრძნობთ. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა და ეს განწყობები ყველაზე მნიშვნელოვანია.