უკრაინა 25-მდე საპატიმრო დაწესებულების გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალუსკამ საინფორმაციო პორტალ Українські Новини-სთან (უკრაინის ამბები) ინტერვიუში განაცხადა. მარტის ბოლომდე აუქციონზე 2 ლოტი იქნება წარმოდგენილი. ვაჭრობა ოდესიდან და ლვოვიდან დაიწყება, წლის განმავლობაში კი სხვა ქალაქების საპატიმროებსაც გამოიტანენ საპრივატიზაციოდ.
„ბოლოს და ბოლოს, ამ საპატიმროებს გავყიდით. თუ რა ვადაში, ეს დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების რეგულირებაზე“, - აცხადებს მინისტრი.
ბიუჯეტის შესახებ კანონით, გაყიდვებით შემოსული თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება, 70% კი უწყებას დარჩება.
დენის მალუსკას თქმით, სამინისტრო წინასწარი დაკავების იზოლატორების გაყიდვასაც გეგმავს. მაგალითად, კიევში ლუკანოვოს იზოლატორის ნაწილი 2 წელიწადში სასტუმროდ გადაკეთდება, ხოლო პატიმრებს ამ ყველაზე დიდი და ძველი კორპუსიდან კიევის ოლქის სხვა იზოლატორებში გადაანაწილებენ. იზოლატორის დანარჩენი ნაწილის ზოგიერთ საკანში პირობები გაუმჯობესდება. ასეთი საკნები ფასიანი გახდება.
დენის მალუსკა უკრაინაში საპატიმროების მასშტაბურ გაყიდვას ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში აანონსებდა.
„დროთა განმავლობაში საპატიმროები თავიანთ დანიშნულებას დაკარგავენ და საბოლოოდ განადგურდებიან“, - აცხადებს მინისტრი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ