მსოფლიო ბაზარზე ჩიპების დეფიციტია

ჩინეთის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის თავმჯდომარე ჟოუ ზისიუ აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩიპების არნახული დეფიციტია. ეს იმ დროს, როდესაც შარშან ნახევარგამტარების ბაზარი დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა.

„ბაზრის გამოცდილ მოთამაშეებს აუცილებლად ეხსომებათ 1999 წელი, როდესაც ინდუსტრიაში მსგავსი კრიზისი დაფიქსირდა. მაგრამ ის კრიზისი გაცილებით მცირე მასშტაბის იყო. აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, საჭიროა ინოვაციებზე მეტი ყურადღების გამახვილება. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი იმ გამოწვევების გამკლავება, რომლებიც ჩვენს ინდუსტრიაში მომავალშიც არის მოსალოდნელი“, - ამბობს ჟოუ.

ჩინეთი ნახევარგამტარების უდიდესი მომხმარებელია. არადა, ნახევარგამტარების ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა და შიდა მოთხოვნების მცირე ნაწილსაც ვერ აკმაყოფილებს. ჩინეთში შარშან ნახევარგამტარების გაყიდვები 17.8 პროცენტით გაიზარდა და 891 მილიარდ იუანს (137 მილიარდ დოლარს) მიაღწია.

უცხოური წარმოების ნახევარგამტარებზე ჩინეთის დამოკიდებულება განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა შენცენში ბაზირებულ კომპანია „ჰუავეი ტექნოლოჯიზს“ (Huawei Technologies) სანქციები დაადო. ამით ჩინურმა კომპანიამ მიმწოდებელ კომპანიებთან კავშირი დაკარგა და უზარმაზარი ზარალი ნახა.

„ჰუავეის“ სანქციიდან მალევე, კორონავირუსის პანდემია დაიწყო, რამაც მიწოდების არხები დიდი ხნით ჩაკეტა, რასაც ბაზარზე ჩიპების მწვავე დეფიციტი მოჰყვა. პირველად ეს დეფიციტი საავტომობილო ინდუსტრიამ იგრძნო, რომელიც ჩიპებს ინტენსიურად მოიხმარს. მოგვიანებით, პრობლემები ელექტრონკის წარმოებასაც მოედო.