საშუალო ხელფასი 5 ლარით შემცირდა - დარგები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

2020 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების - 1 581.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„2020 წლის საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 12.2 ლარით გაიზარდა და 1 417 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 319.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.3 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 257.2 ლარი, გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2020 წლის მე-4 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 9.2 ლარით და 1 157.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს,“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი