ამბობენ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაერთი დაბრკოლება გვხვდება.
თუ ამ დაბრკოლებების გადალახვას შევძლეთ, წარმატება არ დააყოვნებს. თუმცა ხშირად დაბრკოლებებს თავად ვქმნით უარყოფითი ფიქრებით, რომლებიც თვითშეფასებას გვიქვეითებს და ცხოვრების ხალისს გვიკარგავს. ამიტომ აუცილებელია შეკითხვების დასმის გზით ჩვენი ფიქრების „შემოწმება“, მათი „გამოცდა“.
არსებობს 4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის - 4 შეკითხვა, რომლებიც ცნობილი ამერიკელი სპიკერისა და ავტორის, ბაირონ ქეითის, ახალ წიგნში „გიყვარდეს ის, რაც არის“ ცხოვრების გაუმჯობესების საფუძველს ქმნის. წიგნი, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, ახლახანს ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის „ლურჯი ოკეანე“ ფარგლებში გამოიცა.
ბაირონ ქეითმა საკუთარი ცხოვრების გაანალიზებისა და გამოცდილებაზე დაკვირვების შედეგად მიაგნო მეთოდს, რომელიც ფიქრების სწორი ანალიზითა და მათი შეცვლით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას გულისხმობს. ბაირონ ქეითის წიგნებს ფსიქოლოგი და ქოუჩი თინათინ ბასილაია თარგმნის, მანვე თარგმნა „გიყვარდეს ის, რაც არის“. თინათინი პირადად იცნობს ბაირონ ქეითს და აღნიშნავს, რომ მისი მეთოდის წარმატება საკუთარ თავზე გამოსცადა:
„2015 წელს უკრაინაში ვიყავი ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც ბაირონ ქეითის მეთოდი საკუთარ თავზე გამოვცადე და მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ადამიანების უმრავლესობამ ვიცით, რომ ბევრი რამ შეგვიძლია, ყველა რესურსი ჩვენშია, მაგრამ გვჭირდება რაღაც ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებლობების გამოვლენასა და მათს მართვას შევძლებთ. სწორედ ეს ინსტრუმენტია ბაირონ ქეითის მეთოდი, რომელიც 4 შეკითხვისა და 3 შებრუნებისგან შედგება,“ - აღნიშნავს თინათინ ბასილაია.
4 შეკითხვა, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია
ბაირონ ქეითის მეთოდის მიხედვით, ვირჩევთ ფიქრს, რომლისაც გვჯერა და რომელიც მშვიდი ცხოვრებისა და ბედნიერების საშუალებას არ გვაძლევს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ თქვენი პირადი ან საქმიანი ცხოვრებიდან. მაგალითად: „ჩემი უფროსისთვის ცუდი თანამშრომელი ვარ“, „ჩემს მეუღლეს აღარ ვუყვარვარ“. მაშ შემდეგ, რაც კონკრეტულ ფიქრს შევარჩევთ, უნდა დავსვათ 4 შეკითხვა:
1. ეს სიმართლეა?
2. შეგიძლია აბსოლუტურად იცოდე,რომ ეს სიმართლეა?
3. როგორ რეაგირებ,რა ხდება,როდესაც ამ ფიქრის გჯერა?
4. ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?
ამ შეკითხვებით ვიკვლევთ იმ ფიქრს, რისიც გვჯერა და რაც სიმშვიდის მოპოვებაში, ბედნიერებაში, სიცოცხლის ტკბობაში, წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლის. ამას მოსდევს 3 შებრუნება, რომელთა შესახებაც ვრცლად ბაირონ ქეითის წიგნში „გიყვარდეს ის, რაც არის“ შეგიძლიათ წიაკითხოთ.
სხვა კუთხით შეხედე რეალობას
4 შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ 3 შებრუნების, ანუ რეალობის სხვა კუთხით დანახვის დრო დგება. რაღაც ეტაპზე აღმოვაჩენთ, რომ ადამიანები ჩვენ გარშემო ისე გვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს. ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ არ ვიცით უარის თქმა, არ ვიცავთ საზღვრებს, საკუთარ თავს სათანადო პატივს არ ვცემთ, არ ვიღებთ და ვიყვარებთ მას.
ბაირონ ქეითის მეთოდი გვეხმარება იმაში, რომ რეალობა დავინახოთ არა ისეთი, როგორსაც მას ჩვენი ფანტაზიებითა და ილუზიებით ვქმნით, არამედ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ამის შემდეგ კი გვიყვარდეს ის, რაც არის. ამ ყველაფრის გაანალიზებისა და განხორციელების შემდეგ მივხვდებით, რომ ყველაფერი ხდება ჩვენთვის და არა ჩვენს წინააღმდეგ.
ბაირონ ქეითის წიგნის „გიყვარდეს ის, რაც არის“ შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ან საიტზე https://bit.ly/3vz1TYu