სახელმწიფო ქონების იჯარით ამღები ან მყიდველი კომპანიები გადასახადების გადავადებით და პირგასამტეხლოს პატიებით სარგებლობას შეძლებენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ყველანაირი წესით სახელმწიფო ქონების იჯარით ამღები ან მყიდველი კომპანიები გადასახადების გადავადებით და პირგასამტეხლოს პატიებით სარგებლობას შეძლებენ.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანდემიის გამო ბევრ კომპანიას შეექმნა პრობლემა და საკანონმდებლო ცვლილება ბიზნესისთვის დიდი დახმარება იქნება.

„ჩვენს მიერაა ინიცირებული და უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს სახელწიფოს ქონების შესახებ კანონში ცვლილებები. საუბარია კომპანიებზე, რომლებსაც აუქციონის გზით, პირობით შეიძინეს ქონება, ბევრ ასეთ კომპანიას პრობლემა შეექმნა პანდემიის გამო. მათ ვერ შეძლეს დროულად საფასური გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება. ხოლო მათ, ვინც აუქციონით იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონება, დაუგროვდათ გადაუხდელი საიჯარო გადასახადი. დღემდე არსებობს იურიდიული პრობლემა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ქონებას პირდაპირი გადაცემის წესით იღებდნენ, შეღავათს იღებდნენ, ხოლო მათთვის, ვინც აუქციონის წესით იძენდნენ ან იჯარით იღებდნენ, საკანონმდებლო ჩანაწერის გამო, შეღავათს ვერ ვაკეთებდით. ცვლილების შედეგად თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ ყველანაირი წესით სახელმწიფო ქონების იჯარით ამღებ ან მყიდველ კომპანიებს, ყველას მიეცემა საშუალება, თუკი დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ დააზარალა, რომ მთავრობამ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს, რომ გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლო, გადაუვადოს საიჯარო ქირა. ასეთი დღესდღეობით 109 მცირე და საშუალო კომპანიაა, საკმაოდ დიდი რაოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ეს დიდი დახმარება იქნება მათთვის“,- აღნიშნა თურნავამ.