ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალი პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მეცნიერებს საკუთარი გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება.
როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი კარგი ხიდია, რათა მეცნიერებმა საკუთარი გამოგონებებისთვის ინვესტორი იპოვონ.
„მინდა გაგაცნოთ ახალი პროგრამა, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში მტკიცდება. ეს არის ე.წ. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა, რომლის წესიც დავამტკიცეთ. საქმე ეხება სამეცნიერო გამოკვლევებსა და გამოგონებებს, რომელიც ქართველ მეცნიერებს აქვთ დამუშავებული სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო უნივერსიტეტში. სახელმწიფო დავეხმარებით მათ ამ გამოგონებების, ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში. ეს არის კარგი ხიდი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის, რომ იმ გამოგონებებისთვის, რაზეც ჩვენი მეცნიერები მუშაობენ, იპოვონ ინვესტორი და ჩადგნენ ჩვენი და გლობალური ეკონომიკის სამსახურში. ამ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს გრანტის მეშვეობით. ამ ეტაპზე საპილოტე პროექტის ფარგლებში შერჩეულია 9 სხვადასხვა აქტუალური ტექნოლოგია, მათ შორის მეტალურგიის ინსტიტუტში, არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში დამუშავებული, გეოფიზიკის ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, აგრარულ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ჩვენს მეცნიერებს, რომ მათმა გამოგონებებმა ბაზარზე აღიარება მოიპოვონ და დაინტერესებული ინვესტორი იპოვონ“,- განაცხადა თურნავამ.