ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ეკონომიკური ნაწილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ეს არის ჩვენი საგზაო რუკა სამომავლო პერიოდში, თუ რა მიმართულებებით განვითარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ასოცირების საბჭოს სხდომისა და ბრიუსელში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო შავ ზღვაზე კავშირურთიერთობების ე.წ ქონექთივის თემას, რაც პრაქტიკულ ნიშნავს, პირველ რიგში, საბორნე მიმოსვლას ქართულ და ევროპულ პორტებს, კერძოდ რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პორტებს შორის.
„აღინიშნა, რომ ვინაიდან ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, დაახლოებით, 23-24% ჩვენი სავაჭრო ბრუნვის უკვე მოდის ევროკავშირზე, ეს საჭიროებს უფრო აქტიურ რეგულარულ მიმოსვლას, საბორნე მიმოსვლას, ჩვენს პორტებს შორის, სხვაგვარად ეს იქნება პრობლემა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. შესაბამისად, აღგვითქვეს მხარდაჭერა იმაში, რომ უფრო რეგულარული რეისები ხორციელდებოდეს და უფრო მეტი იყოს მიმოსვლა პორტებს შორის, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთბებს,“- განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მეორე პროექტი, რომელიც ბრიუსელში ვიზიტისას განიხილეს, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის 1195 კილომეტრი სიგრძის გადამცემი ხაზია, რომელიც ასევე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, რაც თურნავას თქმით, ამ პროექტს გახდის არა მარტო სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველსაც.
„ამაზე იყო საუბარი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში, იმიტომ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც ჩვენ ევროკავშირი გვიდგას გვერდში და ამოცანა არის, რომ შემდგომში ჩვენი მწვანე ენერგია გადაეცემოდეს ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით ევროკავშირს, რომელიც ისწრაფვის ნულოვანი ემისიების რეგულაციებისკენ. შესაბამისად, ჩვენ გავაცანით, რომ მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები და ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დაგვეხმარება, მაგრამ მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუკი ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ მონაწილეობას არა მხოლოდ შესწავლაში, არამედ შემდგომ განხორციელებაში ამ პროექტის და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტში.
და მესამე ბლოკი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს არის უფრო მეტი გაფართოება ჩვენი ვაჭრობის. სულ უფრო მეტი საქართველოში ნაწარმოები სასაქონლო ჯგუფებია წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე. ჩვენ გვინდა, რომ ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპულ ბაზრებზე. ერთ-ერთი ასეთი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ ევროპულ ბაზრებზე იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ გავაცანით ის პრობლემები, რაც ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესს უდგება იგივე ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში, თუნდაც ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონის, რომ აქ ყველა აუცილებელი ტესტი იყოს გაკეთებული და ვთხოვეთ დახმარება ევროკავშირს, რომ ჩვენთან ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს არ უწევდეს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ და ეს არ აძვირებდეს ამ პროცესს და ამაშიც აღგვითქვეს დახმარება. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო,“- განაცხადა თურნავამ.