1-ლი ივლისიდან რუსეთში მზესუმზირაზე, რაფსსა და სოიოზე საექსპორტო ბეგარა შესაძლოა, 50%-მდე გაიზარდოს. ტონაზე ბეგარის არანაკლებ 320 ევროთი გაზრდას ვარაუდობენ. ამავე მოცულობით შეიძლება გაიზარდოს ტარიფი სელის ზეთზეც. ინფორმაციას რუსული „ინტერფაქსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკითხს ხუთშაბათს საბაჟო სატარიფო რეგულირებისა და სავაჭრო სფეროს მარეგულირებელი კომისიების სხდომაზე გაიტანენ. ამ მომენტისთვის მზესუმზირაზე, რაფსსა და სოიოზე 30%-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც ტონაზე არანაკლებ 165 ევროა. ეს ტარიფი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
გარდა ამისა, სხდომაზე საექსპორტო ზეთზე დემპფერის მექანიზმის შემუშავებაზე იმსჯელებენ, რაც შესაძლოა, ბურღულეულზე მოქმედი დემპფერის მსგავსი გახდეს.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ მზესუმზირას ზეთზე დემპფერი შესაძლოა, ახალი სეზონის დაწყებამდე დაწესდეს, ხოლო ბურღულეულზე დაწესებული დემპფერი 2021 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება. აღნიშნული დემპფერი ითვალისწინებს მცურავ ბეგარას ხორბალზე, სიმინდსა და ქერზე. ეს საფასო ინდიკატორების მიხედვით, ერთ ტონა ხორბალზე 200 დოლარის ოდენობას გულისხმობს, სიმინდზე და ქერზე კი - 185 დოლარს.
მიღებული შემოსავლებით სოფლის მეურნეობის სუბსიდირება მოხდება.