ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „იაფი ცხოვრება, კარგი WiFi და უსაფრთხო გარემო, რატომ გადადიან საქართველოში დისტანციურად მომუშავეები“, - ამ სათაურით Euronews მედია სააგენტო France Press-თან (APF) ერთად „იმუშავე საქართველოდან“ შესახებ სტატიას ავრცელებს.
პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად მოამზადა.
„ბოლო წლებში საქართველო ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. დღეს საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით დისტანციურად მომუშავე უცხოელს იზიდავს. გემრიელ ადგილობრივ სამზარეულოს, კულტურასა და ლამაზ ბუნებასთან ერთად დისტანციურად მომუშავეებს 4 მილიონიან საქართველოში იაფი ცხოვრებაც იზიდავთ.
აქ ცხოვრება გაცილებით იაფია, ძალიან კარგი ინტერნეტ კავშირია და უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში”, - აცხადებს ყოფილი სამედიცინო პერსონალი 51 წლის ქენდი თრეფთი, რომელიც საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა“, - წერს Euronews-ის ჟურნალისტი APF-ზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორის თქმით, 2019 წელს საქართველომ მოსახლეობაზე ორჯერ მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. პანდემიის გამო ტურიზმს დიდი ზარალი მიადგა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ ზაფხულს სპეციალური პროექტი შექმნა ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი, დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად. პროექტის მონაწილეების მინიმალური შემოსავალი თვეში 2000 დოლარია და საქართველოში მთელი წელი შეძლებენ დარჩენას.
Euronews-ის გარდა France Press-ის მიერ მომზადებული სტატია „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ 10-ზე მეტი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურენოვანი მედიასაშუალება ავრცელებს, მათ შორის France 24 და RFI საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით პროექტში "იმუშავე საქართველოდან" 2650 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციების 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 16% კი მეწარმეა. პროექტის ფარგლებში 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა.
მათივე ცნობით, მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 1800-მდე. პროგრამის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 1004 უცხო ქვეყნის მოქალაქე. დადასტურებული 1800-მდე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში, საკარანტინო სივრცეში ხარჯის გათვალისწინებით 23 მილიონ დოლარამდე პოტენციურ დანახარჯს უტოლდება.