„პანდემიისას ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ სპეკულაციური ფასებისგან დაცვა, თუმცა გვესმის, ფასები გაიზარდა, ეს გლობალური ტენდენცია იყო"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისმა უწყებამ პანდემიის პირობებში შეძლო სპეკულაციური ფასებისგან დაცვა და უწყვეტი სასურსათო უზრუნველყოფა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მინისტრმა პანდემიის პირობებში თანამშრომლობისთვის კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა.

„კოვიდ პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სასურსათო მარაგებზე ზრუნვა, მოსახლეობის სურსათით უწყვეტად მომარაგება და ვფიქრობ, სამინისტრომ ზედმიწევნით მოახერხა ამოცანის შესრულება. ეს კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოვახერხეთ, რომელთაც მინდა მადლობა გადავუხადო. ესენი იყვნენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც ესმოდათ, რომ საკუთარ ბიზნესინტერესებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო საქვეყნო ინტერესები. ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ სპეკულაციური ფასებისგან დაცვა, თუმცა გვესმის, ფასები გაიზარდა, ეს იყო გლობალური ტენდენცია, უწყვეტი მომარაგება მთელი რიგი სასურსათო მიმართულებით“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.