„გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების ეფექტის გაჩერების შემდეგ, ინფლაცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე გვქონდა თებერვლის ბოლოს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სუბსიდირების დასრულების შემდეგ, ფასების საერთო დონე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით შეეცდება ფასების ზრდა გარკვეულწილად შეარბილოს.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტით განისაზღვრა.
„მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში გამოქვეყნებული წლიური ინფლაცია 3,6% იყო (რაც ახლოს არის იმ „თარგეთ“ მაჩვენებელთან, რომელიც ჩვენ გაქვს საშულოვადიან პერიოდში), ვიცით, რომ ეს გამოწვეული იყო იმ სუბსიდირების ჩათვლით, რომელიც დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში იყო. თუმცა, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებისას ვუყურებთ საშუალოვადიან პროგნოზს. ზუსტად ამ პროგნოზმა დაგვანახა, რომ ინფლაციის დინამიკა იქნებოდა იმაზე უფრო მაღალი და იმაზე უფრო გადახრილი მოსალოდნელი ტრაექტორიიდან, რომელიც ჩვენ ადრე გვქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოსთვის პანდემია არის განმეორებითი შოკი, ისე გამოვიდა, რომ „თარგეთზე“ უფრო მაღალი ინფლაცია შედარებით დიდი ხნის განმავლობაში გახანგრძლივდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების ეფექტის გაჩერების შემდეგ, ინფლაცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე გვქონდა თებერვლის ბოლოს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.