Google ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის 7 მლრდ დოლარს დახარჯავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Google პირობას დებს, რომ აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნისთვის 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანაში 10 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

Alphabet Inc ჰოლდინგი, რომელიც Google-ის მფლობელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფისებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში მილიარდობით დოლარს ჩადებს, მათ შორის, 1 მილიარდ დოლარზე მეტს თავის მშობლიურ შტატ კალიფორნიაში.

ამის შესახებ განცხადება Google-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ გააკეთა. მისი თქმით, ინვესტიციის ნაწილი გამოყენებული იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრების გაფართოებისთვის ნებრასკას, სამხრეთ კაროლინას, ვირჯინიის, ნევადას და ტეხასის შტატებში. Bloomberg-ის შეფასებით, ეს ინვესტიცია აშშ-ს ეკონომიკას სერიოზულ ბიძგს მისცემს.

2020 წელს Google-ის მომსახურებამ 2 მილიონზე მეტ ამერიკულ საწარმოს, არაკომერციულ და სხვა ორგანიზაციას 426 მილიარდი დოლარის ეკონომიკური აქტივობა მოუტანა. ეს მონაცემები ასახულია კომპანიის შარშანდელი წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ში ეკონომიკურ ზეგავლენას ეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ