Bloomberg-ის ცნობით, მუსიკალური ინსტრუმენტების ბაზარი მსოფლიოში არნახულად იზრდება, რასაც სწორედ კორონავირუსის პანდემიამ შეუწყო ხელი. ახალი და მეორადი ინსტრუმენტები მოყვარული მუსიკოსებისთვის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ინტერნეტ-მაღაზია Sweetwoter 2020 წლის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს ასახელებს, რისი ოდენობაც 1 მლრდ დოლარს აღემატება, ხოლო Fender Musical Instruments-მა თავისი „Play lessons“ აპლიკაციით 900 ათასი მომხმარებელი დაარეგისტრირა.
მნიშვნელოვანი ცვლილება მეორადი ინსტრუმენტების ბაზარზე აისახა. ინტერნეტ-მაღაზია Reverb.com LLC მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მანდელბროტი აცხადებს, რომ შეინიშნებოდა ბუმი ყველა იმ ინსტრუმენტის ყიდვაზე, რომლის გამოყენებაც საშინაო პირობებში კომფორტულია.
დაუმთავრებელმა იზოლაციამ Gear Acquisition Syndrome (GAS) ანუ ე.წ. მექანიზმის შეძენის სინდრომი გააჩინა. ამ სინდრომით შეპყრობილი კოლექციონერები ბაზარზე ცნობილი ბრენდების ან აღიარებული მუსიკოსების ინსტრუმენტების ძვირადღირებულ დეტალებს ყიდულობენ, რითიც შემდეგ თვითონ აწყობენ სასურველ ინსტრუმენტს ან უბრალოდ თავიანთ კოლექციას ამდიდრებენ.
დევიდ მანდელბროტის თქმით, გასულის წლის ოქტომბერში ცნობილი გიტარისტის ედი ვან ჰალენის გარდაცვალების შემდეგ გიტარები კიდევ უფრო დიდი რაოდენობით იყიდებოდა. Reverb-ის საიტზე ცნობილი გიტარისტის მსგავსი ინსტრუმენტის შესაძენად გამოწერები 4-ჯერ გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ