რატომ შემცირდა დოლარის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი

„პანდემიის გამო, ამერიკის მარეგულირებელმა, ფედრეზერვმა შეამცირა და ახლა თითქმის ნულთან არის საპროცენტო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საპროცენტო განაკვეთები დოლარში ყველგან შემცირდებოდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ამას აქვს მეორე მიზეზიც, რაც დოლარში სესხების გაცემის რისკებს უკავშირდება და ბუნებრივია, რომ კომერციულ ბანკებსაც აღარ აქვთ სტიმული უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის.

„ვალუტაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთზე რაც მოხდა, აბსოლუტურად ბუნებრივია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, როგორც მოგეხსნებათ, პანდემიის გამო ამერიკის მარეგულირებელმა, ფედერალური რეზერვების ბანკმა შეამცირა და ახლა თითქმის ნულთან არის საპროცენტო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საპროცენტო განაკვეთები დოლარში ყველგან შემცირდებოდა.

მეორე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ დოლარში აღებული სესხები არის რისკიანი, უკვე აღარ არის არანაირი სტიმული, არც ბანკებისთვის, რომ დოლარში გასცენ სესხები. იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ გაფუჭებული სესხების რაოდენობას ქვეყანაში, 6%-ით არის გაზრდილი ევროში, 4%-ით დოლარში და 2 %-ზე ნაკლებია ლარში. ანუ, ეს ძალიან დიდი მოწყვლადობის წყაროა და ბანკებსაც რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში არ უნდათ ამ რისკების აღება და თუ გასცემენ, კიდევ უფრო მაღალი პროცენტით გასცემენ. ესეც აბსოლუტურად ბუნებრივია.

რა თქმა უნდა, დედოლარიზაციამაც მიიღო ამაში გარკვეული როლი და ძალიან კარგია, რომ ეს გაკეთდა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ნინი ქეთელაური