„კაპიტალის ბაზრები რომ ომითა და პოლიტიკური კრიზისებით იყვნენ „შეშინებულნი“, დღეს კავკასია ფულის მწვავე უკმარისობას უნდა უჩიოდეს“  - Eurasianet

ამერიკულ გამოცემა «Eurasianet»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კაპიტალის ბაზრები მშვიდად ხვდებიან ომებს, პანდემიებს და პოლიტიკურ მღელვარებებს“, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლის განმავლობაში (ავტორი - მაქსიმილიან ჰესი, ლონდონი)

„კაპიტალის ბაზრები რომ ომითა და პოლიტიკური კრიზისებით იყვნენ „შეშინებულნი“, დღეს კავკასია ფულის მწვავე უკმარისობას უნდა უჩიოდეს“, - ნათქვამია სტატიის შესავალში, რომელშიც ავტორის მიერ ჩამოთვლილია 2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები: „გასული წელი რეგიონში წყნარი არ ყოფილა: სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დაიწყეს და ერთმანეთს ათასობით ადამიანი დაუხოცეს. ერევანს და თბილისს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა, რომლის შედეგებიც ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორი იქნება და ბოლოს, კორონავირუსის პანდემია. თუმცა საკვირველია, რომ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში რეგიონში ობლიგაციების ბაზარი სტაბილურობით გამოირჩევა: მრავალთვიანი პოსტსაარჩევნო კრიზისის დროსაც კი საქართველო მშვიდად ემზადება ახალი ევროობლიგაციების გამოშვებისთვის 500 მილიონი დოლარის მოცულობით, რომელსაც თბილისი რეფინანსირებისათვის გამოიყენებს.

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დასავლური კაპიტალის ბაზრების მიმზიდველ ქვეყნად და დაუბრკოლებლად იღებდა დაფინანსებას როგორც საერთაშორისო კრედიტორებისაგან (მაგალითად, მსოფლიო ბანკისაგან), ასევე უცხოეთის მთავრობებისაგან.

საქართველოს მთავრობები, რომლებიც ერთმანეთს ხშირად ცვლიდნენ, მუდმივად აცხადებდნენ ერთგულებას თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისადმი. თბილისს შეეძლო ადვილად აეღო ფინანსური ვალდებულება თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად“, - ხაზგასმულია სტატიაში.

ავტორი იხსენებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მდგომარეობას 2008 წლის აპრილში, როცა პირველად იქნა გამოშვებული ევროობლიგაციები - სანამ რუსეთთან ომი დაიწყებოდა: „როგორც კი აგვისტოში ომი დაიწყო, მსხვილმა საკრედიტო-რეიტინგულმა სააგენტოებმა საქართველოს რეიტინგი დაბლა დასწიეს, რის შედეგად ობლიგაციების ფასმა ომის პირველივე დღეს 5%-ით დაიკლო. საქართველოს ფინანსური პერსპექტივა არასაიმედო გახდა, განსაკუთრებით იმით, რომ 500 მილიონის ობლიგაციებიდან მიღებული ფულის ნაწილი - 130 მილიონი დე ფაქტო აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან“ საომარი ვითარების დროს იქნა დახარჯული.

მართალია, საქართველო „სწრაფად წამოდგა ფეხზე“ ვაშინგტონისა და ფინანსური ორგანიზაციების საგანგებო დახმარებით (ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით), ამჟამად თბილისის წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებთან შეზღუდული რჩება, მისი ეკონომიკის მცირე მოცულობის გამო. კრედიტორების ძალისხმევა ადგილობრივი ვალუტის განმტკიცების მიზნით მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა, მაგრამ ქვეყნისთვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ფინანსურ დახმარებას“, - წერს გამოცემა.

„საერთოდ, საქართველოს პოლიტიკა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული საბანკო სფეროსთან“, - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი ეხება კომპანია Georgia Capital-ის საქმიანობას, რომელსაც ირაკლი გილაური - საქართველოს ყოფილი პრემიერ ნიკა გილაურის ძმა ხელმძღვანელობს. კომპანიას თავისი შტაბ-ბინა ლონდონშიც აქვს. 2018 წელს Georgia Capital-მა ევროობლიგაციების გამოშვების მხრივ დებიუტი განახორციელა.

პუბლიკაციაში ასევე ნახსენებია სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“ და „თიბისი ბანკი“, რომლებსაც ევროობლიგაციების გამოშვების დებიუტი 2019 წელს ჰქონდათ - და ეს მიუხედავად იმისა, რომ „თიბისი ბანკის“ დამაარსებელს პოლიტიკურ უთანხმოება დაეწყო მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან.

„პანდემიამ საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარება შეაფერხა“, - წერს ავტორი და ამის დამადასტურებლად აღნიშნავს ქვეყნის ნავთობ-გაზის სახელმწიფო კორპორაციის მიერ დაგეგმილი ობლიგაციების გამოშვების შეჩერებას 2020 წლის აპრილში. ასევე არცთუ სახარბიელოდაა შეფასებული „საქართველოს რკინიგზების“ ფინანსური მდგომარეობა.

წყარო: eurasianet.org

მოამზადა სიმონ კილაძემ