ლევან დავითაშვილი - თუ არ გვაქვს სავაჭრო პროდუქტი, არანაირი DCFTA და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთახმება ვერ უშველის - პროდუქცია ფიზიკურად უნდა გვქონდეს

თუ არ გვაქვს სავაჭრო პროდუქტი, არანაირი DCFTA და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთახმება ვერ უშველის - პროდუქცია ფიზიკურად უნდა გვქონდეს, - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მინისტრმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ქვეყანაში პრაქტიკულად მომსპარი სასოფლო-სამეურნეო დარგის აღდგენა დაიწყო.

“დავიწყეთ უფრო მეტი ქართული პროდუქციის წარმოება, მათ შორის გადამუშავებული სასურსათო პროდუქტების წარმოება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, რომ უფრო მეტად ავითვისებთ შესაძლებლობებს, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება გულისხმობს. სხვა შემთხვევაში, თუ გასაყიდი პროდუქტი არ გვაქვს, როგორც არ უნდა იყოს ის გათავისუფლებული გადასახადებისგან, ვერაფერს გაყიდი. ამ შემთხვევაში საუბარია კრიტიკულ მასაზე და არა იმაზე, რომ მცირე რაოდენობით თითქმის ყველაფერი გვაქვს. ჩვენ ინდუსტრიული, კომერციული რაოდენობები გვინდა, რათა ევროპის ბაზარზე გავიტანოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა მაღალ ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ქართული პროდუქტი იყოს იმ მკაცრ მოთხოვნებთან შესაბამისი, რასაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა ითვალისწინებს.

“აქ არის ორი მიმართულება. ერთია, სტანდარტებთან შესაბამისობა და მეორეა, საკმარისი, კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი, ერგვაროვანი პროდუქტის არსებობა იმისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების სწორად გამოყენება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.