გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები აქვს. როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანას დაახლოებით სამი თვის ხორბლის მარაგი აქვს.
"ქვეყანაში არის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები. დაახლოებით 115 ათასი ტონაა ბოლო მონაცემებით, რაც წამოსვლის წინ ვნახე. ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია იყო 80 ათას ტონამდე ხორბლის ქონა, ეს ორი თვის მარაგი იყო. ჩვენ თითქმის სამი თვის მარაგი გვაქვს ახლა ხელშეუხებელი, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რყევები ავიცილოთ.
ასევე იყო კითხვა ფქვილის სუბსიდირების პროგრამაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი მაღალი მარაგების შენარჩუნებამ საშუალება მოგვცა, რომ ზაფხული და შემოდგომა ისე გაგვევლო, რომ არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა ყველა სხვა დამხმარე მასალის თუ ნედლეულის გაძვირების პირობებში, მაგრამ მოგვიწია სუბსიდირება, რომელიც ვფიქრობ, სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობისთვის პურის ფასის შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტიანი იყო. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მთლიანად ფასის შენარჩუნება ფქვილზე და არც იყო ეს მიზანი, რადგან ფქვილისგან საკმაოდ დიდი ასორტიმენტის საკონდიტრო პროდუქტები იწარმოება და არც იქნებოდა სამართლიანი საბიუჯეტო ხარჯების ასე მიმართვა“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.