ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
„კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.
უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას,“- ნათქვამია განცხადებაში.