თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალი სახეობის გადასახადის გადავადებას ითხოვენ

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალი სახეობის გადასახადის – ე.წ. ადვალური გადასახადის ექვსი თვით გადაწევას ითხოვენ.

მათ მოთხოვნაზე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სადაც კომიტეტის წევრებმა "საგადასახადო კოდექსის" ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდას გულისხმობს - 2015 წლის 1 იანვრიდან აქციზი ფილტრიან თამბაქოს ნაწარმზე 15 თეთრით იზრდება და 90 თეთრი ხდება. გარდა ამისა, 2015 წლის 1 ივნისიდან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს კოლოფზე 5%-იანი ადვალური გადასახადის გადახდა მოუწევთ. საუბარია გადასახადის სახეობაზე, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ადვალური გადასახადის შემოღებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ადვალური გადასახადის ექვსი თვით - 2016 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევას ითხოვენ. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, ადვალური გადასახადი კომპანიებს ფინანსურ ზარალს მიაყენებს, რადგან მარკეტინგულად ჯერ მზად არ არიან.