„აფბამ“ პრემიერ-მინისტრს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თავს არიდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი წესით გამოქვეყნებას, რაც მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. ამდენად, „აფბა“ პრემიერ-მინისტრს სთხოვს, პირადად უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისტემური და სრული გასაჯაროვება.

„ბატონო პრემიერო, მოგმართავთ საჯაროდ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყროთ, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ აქტუალურ და საინტერესო საკითხს. კერძოდ, საქმე ეხება ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ინფორმაციის გამჭვირვალობის პრობლემას.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ესკო პრინციპულად თავს არიდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ინფორმაციის ჩაშლილი წესით გამოქვეყნებას. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იმპორტიორი კომპანიების მიერ შეთავაზებული დღის, ღამის და უქმეების ტარიფების საუკეთესო ვარიანტის მიხედვით, რაც ცალსახად სწორი და უალტერნატივო მიდგომაა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ იმპორტირებული ენერგიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით ხდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა არის უაღრესად ბუნდოვანი და მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. შესაბამისად, ანალიტიკოსებს და დაინტერესებულ საზოგადოებას იმპორტის სურათის სრულფასოვნად აღქმისა და სწორი ანალიზის გაკეთების საშუალება არ ეძლევა.

ბატონო პრემიერო, მიგვაჩნია, რომ ესკოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ინფორმაციის არასრულად გამოქვეყნება, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხის პრობლემის მორიგ გამოხატულებას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, აღნიშნული პრობლემა, დღეს უმწვავესად დგას საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სექტორშიც და დარწმუნებული ვართ, თუკი ესკო გამჭვირვალობასთან დამოკიდებულებას არ შეცვლის, იგივე პრობლემა დადგება იმპორტირებული ელექტროენერგიის შემთხვევაშიც. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმპორტირებული ენერგიის ფასების დამახინჯებული სახით გამოქვეყნება, კორუფციაში და ბუნდოვან გარიგებებში ჩართულობის ეჭვებს აჩენს. მსგავსი ინტერპრეტაციების თავიდან არიდების ყველაზე ეფექტიან მიდგომად კი, გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება მიგვაჩნია.

უაღრესად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტის პროცესი გახდეს 100 %-ით გამჭვირვალე, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას ჩაშლილ მონაცემებზე ჰქონდეს წვდომა და იცოდეს დროის კონკრეტულ პერიოდში, რატომ მოხდა ამა თუ იმ იმპორტიორი კომპანიის შერჩევა. თავის მხრივ, ესკოს მიერ გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა დაასრულებს სიცრუის ტირაჟირებას და თავიდან ავირიდებთ მანიპულაციებს სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი თუ ბიზნეს ჯგუფების მხრიდან“, - ნათქვამია „აფბას“ მიმართვაში.

ამასთან ასოციაციის უნფორმაციით, აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ პირველ ეტაპზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისგან (ესკო) ოფიციალურად გამოითხოვა 2016-2020 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები. ამავდროულად ორგანიზაციამ დააყენა მოთხოვნა, რომ ესკოს მონაცემების გამოქვეყნება სრულყოფილი სახით დაეწყო. მიუხედავად ამისა, ესკოს მხრიდან ამ მოწოდებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.