ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მისი თქმით, ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში.
„ნარჩენების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. არ შევეხები წინა წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრამებს, ვიტყვი, რომ 2020 წელი აქაც მნიშვნელოვანი იყო. ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კუთხით. ეს არის თანამედროვე ევროპული მიდგომა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, რაც ასევე განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით და პოლიტიკით და აუცილებელია იმისთვის, რომ ის ნარჩენი, როგორც ნედლეული, უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით; ნაკლები ნარჩენი განთავსდეს გარემოში, ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ბუნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.