უკრაინის დედაქალაქ კიევში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 20 მარტიდან მკაცრი კარანტინი წესდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ფეისბუქში“ წერს.
„20 მარტის 00:00 საათიდან კიევში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - წერს კლიჩკო.
მისივე თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში 3 კვირით, 9 აპრილამდე დარჩება.
შეზღუდვების ფარგლებში დაიკეტება კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ღია დარჩება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიების, ჰიგიენის საშუალებების და საოჯახო ქიმიის მაღაზიები, აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. კვების ობიექტები მხოლოდ გატანისა და მიწოდების რეჟიმში იმუშავებენ.
ამასთან, ღია დარჩება საბავშვო ბაღები, სკოლებში კი საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება და ორგანიზაცია, კრიტიკული ინფრასტრუქტურული საწარმოების გარდა, შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.
ცნობისათვის, კიევში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.