"საგზაო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მარტო დაზოგილი დროის, არამედ უსაფრთხოების უკეთ დაცვის თვალსაზრისითაც"

ქვეყანაში უკვე აშენებულია 247 კმ-იანი მაგისტრალი, 140 კმ-ზე კი მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიამ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებაზეც გარკვეულწილად იმოქმედა, თუმცა სისტემურ პროექტებზე სამუშოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა.

„მსოფლიოში პანდემიამ ყველაფერზე იმოქმედა. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი, თუმცა მიუხედავად ამ დიდი გამოწვევისა, ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიჩერებია სამუშაოები სისტემურ პროექტებზე, რომელიც უკავშირდება მაგისტრალური გზის მშენებლობას, ასევე - ისეთ პროექტებზე, რომელსაც არა მხოლოდ შიდა, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ასეთი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა პირველად, რომ ერთი წლის განმავლობაში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოვახერხეთ, რამაც თბილისიდან ბათუმამდე 5 საათის ნაცვლად, 4 საათში გახადა შესაძლებელი ჩასვლა. ეს არის ძალიან დიდი შეგედი გამომდინარე იქედან, რომ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დაზოგილ დროზე, არამედ საგზაო უსაფრთხოებაზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ყველა ასეთი პროექტი კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების თვალსაზრისით და ამის დასტურია ის, რომ გასული წლის განმავლობაში 30 000 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული სხვადასხვა პროექტში და მათი 95% საქართველოს მოქალაქეა.

„როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, წითელი ხიდიდან სარფამდე, მთლიანად დასრულდება, საერთო მანძილი 30 კმ-ით შემცირდება. ახლა მგზავრობის იდეალური დრო 8 საათია და იგი ფაქტობრივდ განახევრდება, რის შედეგადაც საგზაო დერეაფანი მეტ მიმზიდველობას შეიძენს. “, - განაცხადა ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებას რეგიონალური განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.