კონკრეტული უბანი საფრთხეების შემცველ არეალად არის მოხსენიებული,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო აკეთებს, გამოსაყენებელია სხვადასხვა უწყებების მიერ თავის გადაწყვეტილებებში.
"ჩვენ ამაზე არ გავცემთ გარემოზე ზემოქმედების გადაწყვეტილებას, ჩვენ ერთადერთი ვაკეთებთ გეოლოგიური საფრთხეების შეფასების რუკას. ამას სწავლობს გარემოს ეროვნული სააგენტო, მათ შორის, ეს კონკრეტული უბანიც საფრთხეების შემცველ არეალად არის მოხსენიებული, მათ შორის, 2019 წლის შეფასებაში. ეს არის ჩვენი ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ვაკეთებთ და რომელიც გამოსაყენებელია სხვადასხვა უწყებების მიერ თავის გადაწყვეტილებებში,"- განაცხადა დავითაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება იყო მშენებლობა იმ პირობებში, როცა კონკრეტული არეალი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საფრთხისშემცველ არეალად განსაზღვრა, დავითაშვილი არ პასუხობს და აცხადებს, რომ კონკრეტულ საკითხზე განცხადება თბილისის მერმა გააკეთა და ახლა მნიშვნელოვანია ექსპერტების დასკვნების საფუძველზე დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.
"ვერ გეტყვით, ეს დეტალები არის გასარკვევი, რაზეც მერმა გააკეთა განცხადება, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს სტაბილიზაცია, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების ყველა ნორმა და ასევე, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა შეისწავლონ მდგომარეობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე. ამ პროცესში როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჩაერთვებიან საჭიროების შემთხვევაში, რადგან ვიცით, რომ კომისია ყალიბდება, სადაც არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე უწყების სპეციალსიტების მობილიზებას მოახდენს მერია, ეს არის როგორც მათი უშუალო სამსახურების ჩართულობა, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების",- განაცხადა დავითაშვილმა.