საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის "ქსელის თავისუფლების" 2014 წლის ანგარიშში საქართველო 26 ქულით ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასებისას გასულ წელთან შედარებით არაფერი შეცვლილა. ისევე, როგორც 2013 წლის ანგარიშში, 2014 წელსაც ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვები 8 ქულით შეფასდა, შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები - 7 ქულით. რაც შეეხება ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ამ მხრივ საქართველო 11 ქულით არის შეფასებული.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს და მასში 65 ქვეყნის მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშის ავტორთა თქმით, ზედიზედ მეოთხე წელია მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა უარესდება, განსაკუთრებით კი რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში.

"ქსელის თავისუფლების" 2014 წლის ანგარიშში ბოლო პოზიციებს სირია, ირანი და ჩინეთი იკავებენ. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, 28 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა სომხეთი, ხოლო უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ყაზახეთი ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის, ბელორუსი და უზბეკეთი კი არათავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდნენ.