თბილისის მერიაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე დასრულდა. შეხვედრაზე თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიამა გააკეთა განცხადება და აღნიშნა , რომ მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან.
მისი თქმით, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები.
ამასთან, მისივე განმარტებით, მეწყრული პროცესების მონიტორინგი მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში პირველადი მონაცემები ექნებათ, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები არის გასატარებელი.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის ფერდთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.
თქვენ იცით, რომ შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც შემოგვიერთდებიან და როგორც აქამდე, ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული.
მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. დღეს უკვე განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველი განცხადება გავავრცელეთ მიმდინარე წლის 15 მარტს.
პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები არის გასატარებელი. თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს. რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანმდევ ნაწილს. დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომელიც მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას“ , - განაცხადა ბენდელიანმა.