დღეიდან, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული. პირველი აპრილიდან კი რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, კვლავ ძალაში რჩება 05:00 საათიდან 21:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.