„კოვიდ 19“-ის პანდემიამ საქართველოს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე, ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა. 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და ექსპორტით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9%-იყო. 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ დაახლოებით 5.7%-ია. ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.
„წელს საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით იყო დამოკიდებული. განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება შეინიშნებოდა ქართული ღვინის ექსპორტში და რუსული ხორბლის იმპორტში. რუსულ ელექტროენერგიაზე და გაზზე საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული. ასევე, მცირეა საქართველოში რუსული ინვესტიციები.
ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს 497 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. „კოვიდ-19”-ის პანდემიის გავლენა რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად დაეტყო და 2020 წელს იგი 11.2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის უფრო მეტად შემცირების გამო, ქართულ ექსპორტში რუსეთის წილი უმნიშვნელოდ - 13.1%-დან 13.2%-მდე გაიზარდა.
2020 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა და 120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილიც მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.8%-ს გაუტოლდა.
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია და 900 მლნ აშშ დოლარს აღწევს. რუსეთს, თურქეთის შემდეგ, საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს.
საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთს თითქმის 100%-იანი წილი უჭირავს. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 18%-ით გაიზარდა.
პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის სექტორზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება რადიკალურად შემცირდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 208,677 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია. შემოსავლების მხრივ პანდემიამდე საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, 2020 წელს კი 50 მლნ დოლარამდე.
2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა და 364 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა. რუსეთიდან გზავნილების კლება პანდემიამდე, 2019 წელს დაიწყო, რადგან ბოლო წლებში ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპა უფრო მიმზიდველია და ევროპული ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება“ - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, რომელიც დღემდე ძალაშია.
„აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. გასულ წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ის ძირითადი სფეროები შეისწავლა, რომლებითაც საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთზე. ეს სფეროებია: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფული. ამჯერად გთავაზობთ განახლებულ კვლევას, რომელიც 2020 წლის ტენდენციებს მიმოიხილავს. კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, „კორონავირუსის” პანდემიამ რა გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებაზე.
ბოლო წლებში საქართველოსთვის აქტუალური აღარ არის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რადგან ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთს მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2020 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 4.5%-მდე იყო.[2] საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 65% აზერბაიჯანზე და თურქეთზე მოდიოდა. ბუნებრივი აირის მოხმარებაში კი, 2020 წელს რუსეთიდან იმპორტირებული აირის წილი 7%-მდე იყო.
ბოლო წლებში მნიშვნელოვანი მოცულობის არც რუსეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2015-2019 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ 3.4% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან სულ 260 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ჯამური უცხოური ინვესტიციების 2.7% იყო. თუმცა, საქართველოში ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული“, - აღნიშნულია კვლევაში.