პროგრამას ,,აწარმოე საქართველოში" უკვე 43 ბენეფიციარი ჰყავს

პროგრამას "აწარმოე საქართველოში" უკვე 43 ბენეფიციარი ჰყავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ივნისიდან ხორციელდება და მიმართულია საქართველოში მეწარმეობის განვითარებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაზე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 43 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 107, 000 000 აშშ დოლარია.

დამტკიცებული 43 პროექტი ხორციელდება ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მათ შორის კახეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო, აჭარა და გურია. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ქვეშ დამტკიცებულია კონცენტრატის საწარმოს გაფართოება - სამაცივრე/სასაწყობე მეურნეობა - შპს "TCF GEORGIA". ფინანსური მხარდაჭერა- 1 730 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთი 11%. სესხი გასცა ქართუ ბანკმა. მეწარმეს პირველი ორი წლის განმავლობაში მოუწევს 1%-ის გადახდა, რადგან პროგრამის ფარგლებში მას დაუფინანსდება საპროცენტო განაკვეთის 10%. ჯამური ინვესტიცია - 2,422,350 აშშ დოლარი. ასევე ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის ფარგლებში დამტკიცებულია სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმო-შპს "DAR CAPITAL". ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა - შენობის ფართობი 461.70 კვ.მ, მიწის ფართობი - 7695 კვ. მ; გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება - 325 986 ლარი; მოსალოდნელი ინვესტიცია - 1 303 944 ლარი.