მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალები 40%-ით გაძვირდა -  ,,ფასის ზრდის ასახვა ქართულ ბაზარზე გარდაუვალი იქნება“

არაგეგმიურად გაზრდილი მოთხოვნის გამო, მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალების ფასი 40%-ით გაიზარდა.

როგორ და როდიდან აისახება ზრდა ქართულ ბაზარზე და რამ გამოიწვია მსოფლიოში ნედლეულის ფასის მკვეთრი ზრდა ,,ბიზნესპრენიუსთან“ შესყიდვების სპეციალისტმა ისაუბრა.

მარიამ ქემაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დროს მკვეთრი კლების შემდეგ, 2021-ში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. რის გამოც, არა მხოლოდ ნედლეული, არამედ საკონტეინერო გადაზიდვების ფასმაც ანტირეკორდის ნიშნული გადალახა.

ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიებისთვის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით 2019 წელი ნაყოფიერი იყო და დიდი იმედით, გეგმებით შეაბიჯეს 2020-ში, რომელმაც სრულებით განსხვავებულ რეალობაში აღმოაჩინა მსოფლიო. კორონა ვირუსის პანდემიას მოყვა გეგმების, მოლოდინების პარალიზება. შეწყვიტეს ან შეამცირეს ეკონომიკური საქმიანობა უდიდესმა მწარმოებელმა კომპანიებმა ყველა სფეროში. თვეების განმავლობაში მინიმალური მოთხოვნით ხდებოდა ყველა საწარმოო ოპერაცია გლობალურ მასშტაბებში. 2021 წელმა კი ეკონომიკური პანდემია მოგვიტანა - ფასების ზრდა გადაზიდვებზე, ნედლეულზე, ასევე ვალუტის გაუფასურება. ქართული კომპანიების პარტნიორები არიან მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პარტნიორია ჩინეთი.

დანარჩენ სამყაროსთან შედარებით, ყველაზე სწრაფად პანდემიური ლოქდაუნიდან სწორედ ეს ქვეყანა გამოვიდა და დაიწყო გაათმაგებული რაოდენობით ექსპორტი ყველა პროდუქტის და ნედლეულის, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, თუმცა იმპორტს დაახლოებით 10/2 თანაფარდობით ახორციელდებდა. შესაბამისად, ჩინეთში სულ რამდენიმე თვეში საკონტეინერო დეფიციტში აღმოჩნდა ყველა გადამზიდი, რამაც ავტომატურად გააძვირა ტრანსპორტირების ღირებულება. თუ ჩვეულებრივ სეზონზე ერთი 40-ტონიანი კონტეინერი ღირებულება 2500-2700 დოლარს შეადგენდა, 2021 წლის იანვარში რეკორდულ უარყოფით ნიშნულს 10 000 დოლარს მიაღწია. ამას დაემატა ისიც, რომ ზოგიერთ მცირე პორტში კონტეინერების შესვლა საერთოდ შეწყდა, მათი დეფიციტის გამო“, - განაცხადა ქემაშვილმა.

მისივე თქმით, თავად შესაფუთ ნედლეულზე ფასის ზრდა, ნავთობპროდუქტების და ცელულოზის ფასის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია.

,,თუ 2020 წელს ყველა მწარმოებელს ჩაუვარდა წინსწრებით გაწერილი ყველა გრაფიკი, 2021-ის გამოწვევა არაგეგმიური მოთხოვნაა, რამაც თავისთავად გადაავსო ქარხნები და დღეს რომ გჭირდებოდეთ პროდუქცია, მოგიწევთ რიგი, ზოგჯერ რამდენიმე თვიანიც კი. შემსყიდველი მხარისთვისაც ძალიან რთული იყო ტრადიციული გეგმის მიყოლა, რადგან როდის მოიხსნებოდა შეზღუდვები, პასუხს ვერავინ ამბობდა. განსაკუთრებული გავლენა ყველა ნედლეულზე ფასის ზრდამ გამოიწვია, გაძვირდა ბარელი ნავთობი, შესაბამისად ყველა პროდუქტი, რომელიც მზადდება ნავთობპროდუქტებით, იქნება ეს საღებავები, სხვადასხვა ქიმია, რბილი და საეტიკეტო შეფუთვები თუ სხვა. გაძვირდა ცელულოზა და შესაბამისად მისგან ნაწარმოები ყველა ქაღალდი. რომ ავიღოთ საშუალო რიცხვი ფასების ზრდის, გასულ წლებთან შედარებით 40% შეადგენს.

ბევრი მიმართულებით ბაზრიდან საერთოდ გაქრნენ მცირე მწარმოებლები, რომლებიც უბრალოდ გააკოტრა კრიზისმა და მათი წილი მსხვილმა მოთამაშეებმა ჩაყლაპეს. ზევით ჩამოთვლილი საკითხები, ცალ-ცალკე ისედაც ახასიათებდა მწარმოებელთა სფეროს, თუმცა ეს ყველაფერი ნაწილდებოდა სეზონების მიხედვით და ერთმანეთს არ ეკვეთებოდა. ახლა სახეზე გვაქვს მაღალი მოთხოვნა და დეფიციტური მიწოდება, რიგ სახეობებზე დაბალი შესასყიდი რაოდენობა და გაზრდილი ერთეულის ღირებულება, დარღვეული გეგმა-გრაფიკები, სახეზე გვაქვს კრიტიკული ზრდა ტრანსპორტირების ღირებულების, სახეზე გვაქვს მონოპოლიური მსხვილი მოთამაშეები და მსოფლიოს ბზარზე გაზრდილი ნედლეულის ფასი. ეს ყველაფერი ჯამში პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს“- განაცხადა მარიამ ქემაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი