იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ განცხადებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 158,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (160 ათასი ტონა) შედარებით.

„მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,5 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,6 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 78,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 ათასი ტონით ანუ 2,0%-ით).

ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 38,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 31,5 ათასი ტონა (19,8%), აზერბაიჯანი - 29,8 ათასი ტონა (18,8%), თურქმენეთი - 25,7 ათასი ტონა (16,2%),ბულგარეთი - 16,9 ათასი ტონა (10,6%); თურქეთი - 7,4 ათასი ტონა (4,6%) საბერძნეთი -7,1 ათასი ტონა (4,5%), ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა (1,6%) და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.