თებერვალში საქართველომ რეკორდული რაოდენობით ხორბალი იყიდა - ზრდა 103%-ია

2021 წლის თებერვალში საქართველომ მსოფლიოს 3 ქვეყანაში რეკორდული რაოდენობით ხორბალი იყიდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეს ქვეყანაში 37 877 ტონა ხორბალი და მესლინი (9,229 მლნ დოლარი) შემოვიდა, რაც 103%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებული იქნა 18 645 ტონა ხორბალი (4,111 მლნ დოლარი).

თებერვალში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი ქვეყანამ რუსეთში იყიდა, ჯამში 32 252 ტონა (8, 096 მლნ დოლარი), შემდეგია აშშ, საიდანაც საქართველოში 4 998 ტონა ხორბლის (955,3 ათასი დოლარი) იმპორტი განხორციელდა. მესამე ქვეყანა, სადაც ხორბალი ვიყიდეთ, ყაზახეთია - 627,3 ტონა (178,5 ათასი დოლარი).

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-თებერვალს, 2 თვეში საქართველოში სულ შემოვიდა 67 274 ტონა ხორბალი და მესლინი (15,923 მლნ დოლარის ღირებულების), რაც 45%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 2 თვეში საქართველოში 46 377 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა (10,215 მლნ დოლარის ღირებულების).

კერძოდ, 2021 წლის იანვარ თებერვალში, საქართველომ ხორბალი იყიდა:

  • რუსეთში - 50 601 ტონა (12,686 მლნ დოლარი)
  • აშშ - 10 046 ტონა ( 3,058 მლნ დოლარი)
  • ყაზახეთი - 627,3 ტონა (178,5 ათასი დოლარი)