Top-მილიარდერებმა ერთ დღეში 23 მლრდ დოლარი დაკარგეს

Top-მილიარდერებმა ხუთშაბათის მონაცემებით, მთლიანობაში 23 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგეს. Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ბიზნესმენიდან ყველაზე მეტად ილონ მასკს არ გაუმართლა და დღის „ანტიგმირად“ დასახელდა. ინვესტორების მიერ აქციების გაყიდვის შემდეგ, Tesla-ს გენერალური დირექტორის კაპიტალი 9.9 მლრდ დოლარით (5,77%-ით) შემცირდა და 162,1 მლრდ დოლარის ნიშნულამდე დავიდა. ამის შედეგად, ილონ მასკმა Forbes-ის სიაში უკვე მეორეჯერ მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორე ადგილი კი ევროპის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბერნარ არნომ დაიბრუნა. მისი ქონება 0,5 მლრდ დოლარით შემცირდა და 162,6 მლრდ დოლარამდე ჩამოვიდა.

პირველი ადგილი მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა შეინარჩუნა, მაგრამ ხუთშაბათის მონაცემებით, მისი ქონება შესამჩნევად, 5,7 მლრდ დოლარით შემცირდა და 178,1 მლრდ დოლარი გახდა.

Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა 2,3 მლრდ დოლარი დაკარგა და ამჟამად მისი კაპიტალი 88,6 მლრდ დოლარით არის შეფასებული. მან რეიტინგის მეშვიდე ადგილი Oracle-ის თანადამფუძნებელ ლარი ელისონს დაუთმო. 0,17 მლნ დოლარის დაკარგვით, ელისონის ქონება 90,2 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 1,9 მლრდ დოლარი დაკარგა და ამჟამად მისი ქონება 101,7 მლრდ დოლარით არის შეფასებული.

გაზეთ The Wall Street Journal-ის შეფასებით, ინვესტორები დააფრთხო აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელმაც ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზი აამაღლა. ამის მიზეზი სახელმწიფო მხარდაჭერის 1,9-ტრილიონიანი დოლარის პაკეტი გახდა. სწორედ ამიტომ ინვესტორები ტექნოლოგიური კომპანიების ძვირად ღირებულ აქციებს თავიდან იშორებენ და ფულს ბანკებში, ავიაკომპანიებსა და ენერგეტიკულ კომპანიებში დებენ, რომლებიც ეკონომიკის აღდგენით მოგებას ნახავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ